ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ირაკლი გურჩიანი: კარგი ინფრასტრუქტურის მიუხედავად, სვანეთი ზამთრის კურორტი ჯერ არ არის
22 ნოემბერი, 2021

„ტოიოტა ცენტრი თბილისის“ დამფუძნებელი ირაკლი გურჩიანი, რომელიც ამავდროულად, მესტიაში სასტუმრო „გისტოლას“  დამფუძნებელიცაა, „ბიზნესპარტნიორთან“ ზამთრის საკურორტო სეზონის ტენდენციებსა და მოლოდინებზე საუბრობს.

ბიზნესმენი  სვანეთში, ბაკურიანის და გუდაურის მსგავსს აქტივობას ზამთრის სეზონისთვის არ ელოდება.

„მთელ სვანეთში დასასვენებლად რომ ერთდროულად 200 კაცი ჩამოვა, ეს ამინდს ვერ ქმნის. სვანეთამდე შორი გზაა, თბილისიდან  8-9 საათია საჭირო და ფაქტობრივად, 2 დღე გზაში (თბილისიდან მესტიაში და უკან) გეკარგება, არავის უნდა ამხელა გზაზე სიარული.

ამიტომ ვითხოვდით ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელი  9 კმ-იანი გვირაბის  მშენებლობას, რომლის პროექტიც წლების წინ გაკეთებული იყო და მასში 5 მილიონი დოლარია დახარჯული. სამწუხაროდ, ახლა ეს პროექტი ყველამ დაივიწყა, წინასაარჩევნო დაპირებებშიც კი არ იყო,“ - აცხადებს გურჩიანი.

რაც შეეხება  მესტიის აეროდრომს, ბიზნესმენი განმარტავს, რომ ეს დატვირთვა რაც დღეს არის, საკმარისი არ არის.

„თვითმფრინავები 16 ადგილიანია და კვირაში 3 რეისი სრულდება, ეს არ არის საკმარისი. ამ 16 კაციდან ნახევარზე მეტი ადგილობრივი მაცხოვრებლები არიან, მეორე ნახევარი - უცხოელები. თბილისელმა ბილეთი რომ აიღოს, მხოლოდ თეორიული შანსი აქვს,“ - აცხადებს გურჩიანი.

მისივე ინფორმაციით, სვანეთს ახლა ერთდროულად ჯამში 2000-3000 ადამიანის მიღება შეუძლია, ადგილზე წარმოდგენილია ყველანაირი საფასო სეგმენტის სასტუმროები. დამსვენებლების აქტივობა კი იმდენი არ არის რომ ყველა ეს სასტუმრო დაიტვირთოს. გურჩიანი აცხადებს, რომ სიშორის გამო ტურისტები სვანეთით არ ინტერესდებიან.

„გუდაურს და ბაკურიანს მაინც თბილისი ტვირთავს, თბილისიდან საათნახევარში ადგილზეა ტურისტი. გვირაბი, რომ იყოს, თითქმის ბაკურიანის დრო დაგჭირდება, ოდნავ შეიძლება მეტი, 3 საათში მესტიაში იქნები. ამის შემდეგ ყველა ივლის, თვითმფრინავიც აღარ იქნება საჭირო,“ - აცხადებს გურჩიანი.

კითხვაზე, ამ რეალობის გათვალისწინებით, წამგებიანია თუ არა სვანეთში სასტუმრო ბიზნესი, გურჩიანი აცხადებს, რომ  წამგებიანია როგორც ვარსკვლავიანი, ისე საოჯახო სასტუმროების მუშაობა და დღეს სვანეთში ეს სექტორი თავის გატანაზეა.

„ჩემი დაკვირვებით, ზამთარში შეიძლება ერთდროულად 200 დამსვენებელი იყოს ჩამოსული, თითო სასტუმროს 0.01 ხვდება, ამან რა ამინდი უნდა შექმნას? ამ 200 კაციდან ნახევარზე მეტი ნათესავებთან არის. აქედან გამომდინარე, ზამთრის კურორტი სვანეთი ჯერ არ არის და ეს იმის მიუხედავად, რომ კარგი ბუნებაა, სასრიალო ტრასები და კარგი ინფრასტრუქტურაა. ზაფხულში კიდევ მარტივია, დიდი დღეა და კიდევ არაუშავს,“ - აცხადებს გურჩიანი.

მისი განცხადებით, ამჟამად სასტუმრო „გისტოლა“ ღიაა, თუმცა, თუ გახსნისას 25 თანამშრომელი იყო დასაქმებული, ახლა მათი რიცხვი 4-მდე შემცირდა.

„თანამშრომელთა ნაწილი  ზოგი უხელფასო შვებულებაში გავუშვით, ზოგი - ნახევარ ხელფასზეა. ვცდილობთ, ნახევარ ხელფასზე გავუშვათ, რადგან შემდეგ მათი მოყვანა რთული იქნება. საოჯახო სასტმროები ბევრი დაიკეტა, აზრი არ აქვს მუშაობას. "გისტოლა" დიდი სასტუმროა და რომ დავკეტოთ თანაშრომლების აყვანა გაგვიჭირდება, ამიტომ ვაგრძელებთ მუშაობას,“ - აცხადებს გურჩიანი.

„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ პრეზიდენტმა ირაკლი გურჩიანმა მესტიაში 5 მილიონი დოლარის ინვესტიციით სასტუმრო 2021 წლის ზაფხულში გახსნა. „გისტოლა“ დაბაში პირველი პრემიუმ კლასის 4 ვარსკვლავიანი სასტუმროა.

business-partner.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.