მესტიის თამარ მეფის სახელობის ადგილობრივ აეროპორტს ორდღიანი სამუშაო ვიზიტით აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ეწვია. ირაკლი ქარქაშაძე აეროპორტის თანამშრომლებს შეხვდა და ადგილობრივ აეროპორტში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სიახლეები გააცნო.
,,მესტიის აეროპორტის განვითარება ჩვენს 2023 წლის გეგმებში ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. წელს, არაერთ სიახლეს ვგეგმავთ თამარ მეფის სახელობის აეროპორტთან დაკავშირებით. ამ აეროპორტით, რომელიც 12 წლისაა დაახლოებით 60 ათასზე მეტმა ადგილობრივმა თუ საერთაშორისო ვიზიტორმა ისარგებლა. რამაც ნათლად დაგვანახა, რომ მესტიის აეროპორტს ძალიან მნიშვნელოვანი ფუქნცია აქვს სვანეთისთვის. ვგეგმავთ, რომ მესტიის აეროპორტში განვახორციელოთ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები: ტერმინალის რეაბილიტაცია, ვგეგმავთ ავაშენოთ ახალი სახანძრო დეპო, ასევე, მთლიანად შევცვალოთ არსებული სპეცტექნიკა. თუმცა, უფრო კონკრეტულად რა ტიპის უნდა იყოს ინფრასტრუქტურული პროექტები გადაწყვეტილებას ბოლო ორი დღის მანძილზე შეგროვებული ინფორმაციის საფუძველზე მივიღებთ,-‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.
რაც შეეხება, არსებულ მიმართულებებზე სიხშირეების ზრდას და ახალი მიმართულებების დამატებას, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი განმარტავს, რომ შიდა ფრენების შესყიდვების ტენდერში, რომელიც მალე გამოცხადდება, სავარაუდოდ ახალი მიმართულებებიც იქნება ასახული.
„ახალ მიმართულებებს რაც შეეხება, ჩვენ ვაპირებთ საკმაოდ აქტიურად დავამატოთ ქუთაისი-მესტია, რამეთუ ვხედავთ მგზავრების მხრიდან მოთხოვნას. აქ ძირითადად უცხოელი ტურისტების მოთხოვნაა, რომლებსაც სურთ სასრიალოდ ესტუმრონ ამ საოცარ მხარეს.ასევე ჩვენი პოლიტიკაა, რომ რაც შეიძლება მეტ რეგიონში იყოს შიდა ფრენები. სულ მალე დავასრულებთ ბაზრის კვლევას. ბაზრის კვლევასთან ერთად, პარალელურ რეჟიმში ვაკეთებთ შესაძლებლობის კვლევას, თუ ქვეყნის რომელ მხარეს შეგვიძლია რომ განვახორციელოთ ეს ფრენები. რასაც ამ თვის მანძილზე საჯაროს გავხდით. შემიძლია დავაანონსო, რომ შესაძლოა რამდენიმე ახალი მიმართულებაც დაემატოს“, - განაცხადა ქარქაშაძემ.
2022 წლის განმავლობაში მესტია-ქუთაისი-მესტიის მიმართულებაზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების წილი 70%, ხოლო ნატახტარი-მესტია-ნატახტრის მიმართულებაზე კი 37.5% იყო.
business-partner.ge