“რუსეთ-საქართველოს შორის ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები და ტურისტული ემბარგო ძალიან მძიმედ აისახა კახეთის რეგიონზე. ბევრი ჯავშანი გაუქმდა და პრობლემა შეექმნა განსაკუთრებით საშუალო და მცირე სასტუმროებს და ჰოსტელებს. ამ მიმართულებით მთავრობამ განაცხადა, რომ თუ ამ სასტუმროებს განსაკუთრებული ფინანსური სირთულეები შეექმნათ სესხებთან დაკაშირებით, შეიძლება ბანკთან მოლაპარაკებები და ვნახოთ როგორი ვითარება შეიქმნება,“ – განაცხადა “კომერსანტთან საუბარში კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ქადაგიშვილის თქმით, კახეთში ბევრი საინტერესეო პროექტია და რუსეთის მხრიდან ავიაფრენების შეზღუდვა ამ პროცესებს არ ეხმარება.
კერძოდ, გუბერნატორი ორ მსხვილ პროექტზე ამახვილებს ყურადღებას — კახეთის აეროპორტი და თუშეთი საბაგირო გზა, სადაც ინვესტორები უკვე გამოიკვეთნენ.
„კახეთის აეროპორტის განვითარებასთან დაკავშირებით კერძო სექტორის მხრიდანაც იკვეთება ინტერესი და ამჟამად მოლაპრაკებების პროცესში ვართ პოტენციურ ინვესტორებთან, თუმცა მათ ვინაობას ჯერჯერობით ვერ დავასახელებ,“ – აცხადებს კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი
თითქმის ერთი თვის წინ, „კომერსანტისთვის“ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის კუთვნილ თელავის აეროპორტიდან – „მიმინო“ წლის ბოლოდან ჩარტერული რეისები განხორციელდება.
დაგეგმილია დიდი თვითმფრინავების მიღებაც, საუბარია, 30-ადგილიან თვითმფრინავებზე. აქედან გამომდინარე, თელავის აეროპორტმა „მიმინო“ შეწყვიტა შიდა რეისების მიღება და კაპიტალური რეაბილიტაციისთვის ემზადება.
პირველ ეტაპზე, რეაბილიტირებული „მიმინო“ ადგილობრივ რეისებს მოემსახურება, მოგვიანებით კი დაგეგმილია ჩარტერული რეისების განხორციელება. პროცესში ჩართულია ეკონომიკის სამინისტრო, შესაბამისად, განსახორციელებელი ინვესტიციის ოდენობასაც თავად სამთავრობო უწყება განსაზღვრავს.
კახეთის გუბერნატორმა კომერსანტთან ისაუბრა თუშეთისკენ საბაგირო გზის ამოქმედებაზეც და აღნიშნა, რომ საბაგირო წინა დაპროექტების პროცესშია, თუმცა პოტენციური ინვესტორის ვინაობას ამ შემთხვევაშიც არ ასახელებს.
„თუშეთისკენ საბაგირო გზის ამოქმედებასთან დაკავშირებითაც კერძო სექტორის წარმომადგენლები დაინტერესდნენ და ეს პროექტიც ამ ეტაპზე მოლაპარაკებისა და დაპროექტების რეჟიმშია. თუკი გადაწყვიტა ინვესტორმა ამ საბაგიროს პროექტზე მუშაობა, მაშინ უკვე დაპროექტების პროცესიც დაიწყება, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
Commersant.ge