ტურისტული კომპანია “სუპერ თრეველ ჯორჯიას” დამფუძნებლის მაია ჩადუნელის განცხადებით, მცირე ტურისტულ კომპანიებს რუსეთის მიერ დაწესებულმა ავია სანქციებმა პრობლემები შეუქმნა. ჩადუნელი სახელმწიფოს მხრიდან “ჯორჯიან ეარვეისის” ფრენების დაფინანსების საკითხსაც უსვამს ხაზს და აღნიშნავს, რომ უმჯობესია სახელმწიფო ასეთ სიტუაციაში მცირე კომპანიებს დაეხმაროს.
“რუსული ტურისტული ემბარგოს გამო, პატარა ტურისტული კომპანიები უმუშევრები დავრჩით და ამასთან, ასევე – პატარა საოჯახო მარნები, გესთჰაუსები, მძღოლები და გიდები. ანუ დაახლოებით ის 2000 კაცი, რომლებიც რუსულენოვან ტურისტებზე მუშაობდნენ, უმუშევრები დარჩნენ.
სახელმწიფოს მხრიდან “ჯორჯიან ეარვეისისთვის” ფრენების დაფინანსების გამოყოფა კარგია, მაგრამ ჩვენ, პატარა კომპანიებმა რა უნდა გავაკეთოთ? როგორ მოვიქცეთ ამ სიტუაციაში? სჯობს, თანხები მცირე და საშუალო ბიზნესზე გადანაწილდეს, რადგან დიდ კომპანიას თანხები ყოველთვის აქვს, ხოლო ჩვენ სხვა ალტერნატივა არ გაგვაჩნია”, – განაცხადა ჩადუნელმა.
ჩადუნელის განცხადებითვე, კრიზისული მდგომარეობიდან გამოსასვლელად და ტურიზმის სექტორში ხარისხის გასაუმჯობესებლად მცირე ტურისტულმა კომპანიებმა პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატს ლევან კობერიძეს რამდენიმე მნიშვნელოვანი პუნქტი წარუდგინეს.
“ჩვენ პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატს ლევან კობერიძეს შევხვდით, კობერიძესთან შეხვედრაზე ამ სიტუაციიდან გამოსავალი რამდენიმე ვარიანტი წარვადგინეთ. იმ შემთხვევაში თუ პარლამენტში საკითხის განხილვა დაიწყება, მცირე ტურისტულები მასში აუცილებლად უნდა ჩაერთონ. საკითხები რომლებიც განვიხილეთ არის:
1) მხოლოდ რუსულენოვანი პატარა ტურისტული კომპანიებისთვის სპეციალური პლატფორმა შეიქმნას და ჩვენი რეკლამა კონკრეტულად რუსულენოვან ქვეყნებზე გაკეთდეს.
2) გიდებმა რეგისტრაცია და შემდგომ ეტაპზე ტრენინგები გაიარონ, ასევე გამოცდა ჩატარდეს, ამაზე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს და არა იმ პატარა ტურისტულმა კომპანიებმა, ვისაც შეუძლია სერტიფიკატის გაცემა. ეს მომსახურების ხარისხს აამაღლებს.
3) უცხოენოვანი ტურისტები, რომლებიც თავისი ავტობუსებით და გიდებით ჩამოდიან, ჰყვებიან იმას, რაც საქართველოს იმიჯზე ცუდად მოქმედებს. მაგალითად, თურქები ჰყვებიან, რომ საქართველო თურქებისაა, სომხები ამბობენ, რომ სომხებისაა, ირანელები, რომ ირანელებისაა და რუსები – რომ ეს რუსეთის იმპერიაა. ამაზეც გარკვეული რეგულაციები უნდა დაწესდეს, რადგან ეს ქვეყნის იმიჯზე ძალიან ცუდად მოქმედებს”, – განაცხადა კობერიძემ.
bm.ge