ინდუსტრიული და ლოგისტიკური პარკები, საცხოვრებელი, ტურისტული, საფინანსო და ბიზნესცენტრები, რეკრეაციული ზონები - ეს იმ გეგმის ნაწილია, რომელიც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მიმდებარე ტერიტორიის მოწყობა-განვითარებას უკავშირდება.
ანაკლიის პორტის პერსპექტივებსა და შესაძლებლობებზე ისრაელის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა შრაგა ბროშმა და საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე დადასტურდა, რომ ისრაელიდან ანაკლიაში საწარმოების გადმოტანის შესაძლებლობები განიხილება.
ამასთან, ისრაელის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოს მიმართ დაინტერესება არა მხოლოდ წარმოების სექტორს, არამედ სოფლის მეურნეობას, ტურიზმს და სხვა მნიშვნელოვან სფეროებს მოიცავს და ყურადღება საქართველოს მიმართ ისრაელელი ინვესტორების დიდ ინტერესზე გაამახვილა.
„საქართველოში ბიზნესის კეთება ძალიან მარტივია, რადგანაც არ ვაწყდებით ბიუროკრატიულ, დროში გაწელილ პროცედურებს, მოქნილი საგადასახადო სისტემა და ხელისუფლების ძლიერი სწრაფვა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისკენ კი, საქართველოსადმი ბიზნესმენების დიდ დაინტერესებას განაპირობებს“, - განაცხადა ბროშმა.
www.travelingeorgia.ge