ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ისტორიული დღე-დღეიდან საქართველოს მოქალაქეებს ევროპის 30 ქვეყანაში უვიზოდ მიმოსვლა შეუძლიათ
28 მარტი, 2017

დღეს საქართველოსთვის ისტორიული დღეა - 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ბიომეტრიულ პასპორტს ფლობენ, ევროკავშირის 22 წევრ, 4 არაწევრ ქვეყანასა და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანაში უვიზოდ გამგზავრებას შეძლებენ.

2017 წლის 8 მარტს ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდა ევროკავშირის საბჭოს N539/2001 რეგულაციის ცვლილება, რომლის თანახმად, საქართველომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მქონე ქვეყნების სიაში გადაინაცვლა.

2017 წლის 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ბიომეტრიულ პასპორტს, შეძლებენ ვიზის გარეშე ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში გამგზავრებას.

უვიზოდ მოგზაურობა შესაძლებელია შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას, ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანასა და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანას.

ევროკავშირის წევრი შენგენის სივრცის ქვეყნებია: ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, უნგრეთი, ფინეთი, შვედეთი, ჩეხეთი, ხოლო ევროკავშირის არაწევრი შენგენის სივრცის ქვეყნებია: ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და შვეიცარია;

უვიზო მიმოსვლა ასევე შესაძლებელია შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანასთან: ბულგარეთი, კვიპროსი, რუმინეთი, ხორვატია;

ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის პირობებში საქართველოს მოქალაქეებს ვიზის გარეშე შეუძლიათ გაემგზავრონ მხოლოდ მოკლევადიანი ვიზიტით ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში;

მოკლევადიანი ვიზიტი გულისხმობს 90 დღეს ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში; ქვეყნებში 90 დღე გადაბმულად ყოფნის შემთხვევაში ხელახლა გამგზავრება შესაძლებელი იქნება შენგენის ზონის დატოვებიდან 90 დღის გასვლის შემდეგ. უვიზო მიმოსვლის რეჟიმი არ შეეხება გრძელვადიან ვიზიტებს, მაგალითად, უმაღლესი განათლების მიღების ან დასაქმების მიზნით.

IPRESS.GE


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.