2022 წელს თბილისს კიდევ ერთი, განსაკუთრებული ვიზუალის მქონე განთავსების ობიექტი შეემატება. ქალაქის ისტორიულ ნაწილში, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ახალ, თანამედროვე სიცოცხლეს შეიძენს. პროექტს, რომლის საინვესტიციო ღირებულება 6 მლნ ლარია, „ჯორჯიან ჰოტელ მენეჯმენტი“ ახორციელებს. კომპანიის დირექტორი დავით გელბახიანი გვიყვება, რომ ესკიზი დედაქალაქის მთავრობასთან უკვე შეთანხმებულია. მისი თქმით, ეს იქნება პროექტი, სადაც ისტორია და თანამედროვეობა ერთმანეთს შეერწყმება. იგი გვიყვება, რომ ძველ შენობაში ბარი, რესტორანი და საგამოფენო სივრცე განთავდება, ხოლო ახალ, ადაპტირებულ ნაწილში, 10 აპარტამენტი მოწყობა.
„პირველ რიგში ჩვენ ძეგლის პირვანდელი სახე უნდა აღვადგინოთ, რადგან თავიდან შენობა ორსართულიანი იყო, მესამე სართულის დაშენება მოგვიანებით, 2011 წელს მოხდა. შესაბამისად, ძეგლთა დაცვის საბჭო მიიჩნევდა, რომ ეს იყო „ყალბი“ დაშენება, ვინაიდან ნაგებობას არ ეტყობოდა რომელ პერიოდში იყო აშენებული. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭომ გადაწყვიტა, რომ ყველაზე სწორი იქნებოდა, მოგვეხსნა დაშენება, რომელიც უღიმღამო იყო და ჩაგვენაცვლებინა „მართალი“ არქიტექტურით, ანუ ჩანდეს, თუ რომელ ეპოქაში მოხდა დაშენება. ამის შემდეგ შენობას ორი ახალი სართული დაედგმება, რომელიც შემინული იქნება. ვფიქრობთ, რომ დედაქალაქში ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური შენობა მოეწყობა, სადაც მაღალი დონის 10 აპარტამენტის განთავსება იგეგმება. ხოლო, პირველ სართულზე მოწყობა ბარი, რესტორანი და საგამოფენო სივრცე, რომელიც მულტიფუნქციური იქნება“, - განაცხადა დავით გელბახიანმა.
აღსანიშნავია, რომ პროექტს თან ახლავს ისტორიულ-არქიტექტურული კვლევა, რომელიც არქიტექტორმა ალა პროზოროვამ მოამზადა. დოკუმენტში წერია, რომ ბოლო, საპროექტო სართულის „თანამედროვე“ არქიტექტურულ-სტილისტურ გადაწყვეტას მხილველი შეცდომაში არ შეჰყავს, რითაც შენობა-ძეგლის კულტურული მემკვიდრეობის ღირებულებას და პრესტიჟს ამაღლებს.
დავით გელბახიანი გვიყვება, რომ სტუმრებს 2022 წლის სექტემბრიდან მიიღებენ. მისი თქმით, ობიექტი პრემიალური კლასის იქნება, რომელსაც „ჯორჯიან ჰოტელ მენეჯმენტი“ მართავს. ბიზნესმენს იმედი აქვს, რომ ტურიზმის აღდგენასთან ერთად ყველაფერი ძველ ნიშნულს დაუბრუნდება და მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვლება.
commersant.ge