ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
იტალიელი მეღვინეების ხოტბა - ბოლნისში წარმოებული ქვევრის ღვინოების პოპულარობა იზრდება
12 თებერვალი, 2018

იტალიელმა მეღვინეებმა ბოლნისში სულ 5 საოჯახო მარანი მოინახულეს და წარმოების ტექნოლოგიებს გაეცნენ. როგორც სტუმრებმა აღნიშნეს,

ბოლნისის საოჯახო ღვინოების შესახებ აშშ-ში, იტალიასა და არა მხოლოდ, მალე უფრო მეტს გაიგებენ. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ცნობით, ამერიკელი ღვინის მაგისტრის, ლიზა გრანიკის შემდეგ, ტურისტული კომპანიის ReachPointGeorgia ორგანიზებით, ბოლნისს 18 მეღვინე ქალი ესტუმრა ჩრდილოეთ იტალიიდან.

მეღვინეებმა, ელიას მთაზე წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერის ქვევრები დაათვალიერეს და მასში დაყენებული საფერავი და რქაწითელი დააგემოვნეს. 

ცნობილი იტალიელი სომელიე და ჟურნალისტი ლილიანა სავიოლი საფერავს იტალიაში სახელგანთქმულ მარძემინოს, რქაწითელს კი ქვევრის რიბოლას ადარებს.

„საოცარი გემოვნური თვისებებით გამორჩეული ღვინოებია, რომლის დაყენების მეთოდებსა და ტრადიციებს ბოლნისში გავეცანი. იტალიაში დაბრუნების შემდეგ, აუცილებლად დავწერ რამდენიმე რეცენზიას ამ დაუვიწყარი მოგზაურობისა და ქართული ღვინოების შესახებ. ჩემი მიზანია, მთელ მსოფლიოს გავაცნო საქართველო და საოცარი ტრადიციების მქონე ბოლნისი“,- ასე შეაფასა იტალიელმა სომელიემ ბოლნისური ქვევრის ღვინო.

სტუმრების შეფასებით, ბოლნისს საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს ღვინის ტურიზმის განვითარების კუთხით. მეღვინეების ინტერესის საგანი მცირე წარმოებები და საოჯახო მარნებია, რათა მოხდეს მათი წინ წამოწევა და პოპულარიზაცია. 

2018 წელს ბოლნისელი მეღვინეები 35 000 ბოთლი ქვევრის ღვინის ჩამოსხმას ვარაუდობენ, რაც ხელს შეუწყობს რეგიონისა და კონკრეტულად ბოლნისში წარმოებული ღვინის პოპულარიზაციას.

აღსანიშნავია, რომ იანვრის ბოლოს ბოლნისური ქვევრის ღვინო ღვინის ამერიკელმა მაგისტრმა ლიზა გრანიკმა დააგემოვნა. „თქვენი ღვინოების წარმატების ფესვები ამ ჭიქაშია“, - ასე შეაფასა ლიზა გრანიკმა ბოლნისში დაყენებული ღვინო.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.