ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
იტალიური წარმოების ვერტმფრენები ტურისტებისთვის - რა ღირს საჰაერო ტური თუშეთში?
19 მაისი, 2021

თელავში მდებარე სასტუმრო „ზუზუმბომ“ იტალიური წარმოების AGUSTA  A-109K2 -ს მოდელის ორი ვერტმფრენი შეიძინა და რამდენიმე დღის წინ საჰაერო ტურების სერვისი წამოიწყო. როგორც სასტუმროს გენერალური მენეჯერი მაიკო რატიანი „კომერსანტს“ უყვება ვერტმფრენით მომსახურებას ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა განსაკუთრებით ტურისტების მხრიდან და ვარაუდობს, რომ წამოწყება გაამართლებს ისეთ ძნელად მისასვლელი ადგილებისთვის, როგორიც თუშეთია, სადაც ამ ვერტმფრენით გადაფრენა 1600 დოლარი ღირს.

 „რამდენიმე დღის წინ შემოვიღეთ ვერტმფრენით მომსახურება. თვითონ სასატუმროც ახალი გახსნილია. ვერტმფრენზე მოთხოვნა არის განსაკუთრებით ტურისტებისგან, ტურისტული სააგენტოები ინტერესდებიან და ბევრი გვეკითხება პირობებს. გვყავს ორი ვერტმფრენი -  AUGUSTA A-109K2 - ეს არის ახალი მოდელები, რომელიც 6 ადგილიანია და საკმაოდ კომფორტულია. მაგალითად, თუშეთში გზის პრობლემის გამო ბევრი ვერ მიდის, ვერტმფრენით  საათი და 30 წუთი უნდა გადაფრენას. მომსახურებაში შედის იქ ექსკურსია და სამი საათის მანძილზე ვერტმფრენი ელოდება მგზავრებს და მოჰყავს უკან.  მაგალითად თუშეთის ტურის ფასი 6 კაცზე 1600 დოლარი ღირს, ერთ ადამიანს გამოსდის 270 დოლარი. ვფიქრობ გაამართლებს ეს მომსახურება იმიტომ, რომ დიდი დაინტერესება წამოვიდა. ეს ვერტმფრენები სასტუმროს საკუთრებაშია. ეს უფრო ტურისტებზეა გათვლილი - გასულ წლებში, როცა პანდემია არ იყო, ბევრი ატარებდა ქორწილებს კახეთში და მათთვის უცხო მომსახურებაა. ძალიან მოხარულები ვიქნებით, ქართველებიც თუ ისარგებლებენ,“ - ამბობს მაიკო რატიანი.

ზუზუმბო არის ისტორიული უბანი, რომელიც ზემოდან დაჰყურებს თელავს. სასტუმრო “ზუზუმბოს” მშენებლობა ხუთი წლის უკან დაიწყო და ჯამურად 60 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა. ეს ტერიტორია თბილისიდან საათ-ნახევრის (90კმ) სავალ მანძილზეა. სასტუმროს სივრცე 20 ათასი კვადრატული მეტრია,ხოლო მასთან მდებარე ფიჭვნარი 6 ჰექტარზეა გადაჭიმული. სასტუმროში არანაკლებ 40 ადამიანია დასაქმებული. სასტუმრო, კურორტი ''ზუზუმბო'' , ახალი სივრცეა, რომელიც მოიცავს 8 სართულიან მთავარ შენობასა და ფიჭვნარში განთავსებულ ცხრა კოტეჯს, რომელსაც აქვს 66 სასტუმრო ოთახი მათ შორის არის 7 ლუქსი , 10-საოჯახო და 45-სტანდარტული. ასევე აქვს რესტორანი ბარითა და ვერანდით , ლაუნჯი, ღია კაფე, კახური ეზო, ღია და დახურული საცურაო აუზები, საუნა, საკონფერენციო დარბაზი, საბავშვო სივრცე, ტურები კახეთის მასშტაბით.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.