ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ივანიშვილის ტურიზმის განვითარების ფონდს ახალი დირექტორი ჰყავს
11 ივლისი, 2019

ტურიზმის განვითარების ფონდს ახალი დირექტორი ჰყავს.

ამ პოსტზე თბილისის განვითარების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაიდარაშვილი დაინიშნა.

აღნიშნული ინფორმაცია bm.ge-ის საქართველოს თანაინვესტირების ფონდშიც დაუდასტურეს, რომლის ერთ-ერთი დანაყოფია ტურიზმის განვითარების ფონდი.

ცნობისთვის: გიორგი ბაიდარაშვილი სხვადასხვა წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მინისტრის აპარატში სტრატეგიული და ორგანიზაციული მართვის საკითხებში მრჩეველად, დეველოპერულ კომპანია „არსში“ დირექტორის მოადგილედ, PSP ჯგუფში გაყიდვების და ქსელის განვითარების დირექტორად; ასევე იყო საკონსულტაციო კომპანია „სინერჯიში“ კონსულტანტი.

გიორგი ბაიდარაშვილი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში თბილისის განვითარების ფონდის დირექტორი იყო; მან აღნიშნული თანამდებობა მიმდინარე წლის 19 ივნისს დატოვა.

შეგახსენებთ: საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი 2014 წლის 3 ნოემბერს დაფუძნდა. კომპანიის იურიდიული მისამართი „ქართუს“ სათაო ოფისში, ჭავჭავაძის 39ა-ში მდებარეობს. მისი დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელი არის პანამურ ოფშორში რეგისტრირებული კომპანია FRANKSTON INTERNATIONAL-ი, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის.

2019 წლის პირველ კვარტალში პანამიდან განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 16.7 მილიონ დოლარს შეადგენს. ამ თანხის უდიდესი ნაწილი სწორედ ტურიზმის განვითარების ფონდზე მოდის.

აღსანიშნავია, რომ 2018 წელსაც $76 მლნ დოლარით, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს უმსხვილესი პანამელი ინვესტორი იყო.

bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.