ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მეღვინეების განსხვავებული პოზიციები - „ხვანჭკარას“ მხოლოდ რაჭაში დაამზადებენ
27 ივნისი, 2022

„მორატორიუმი აღარ გაგრძელდება - წელს ,,ხვანჭკარას“ მხოლოდ რაჭაში დაამზადებენ“,  - ეს  განცხადება ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, ლევან მეხუზლამ გააკეთა, მისი თქმით, რაჭაში სიმძლავრეები უკვე არსებობს, რათა მოსავლის გადამუშავება ადგილზე მოხდეს.

„თელავის მარნის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ზურაბ რამაზაშვილი „კომერსანტთან“ საუბარში აღნიშნავს, რომ ეს ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა, რადგან ხელს შეუწყობს ხვანჭკარის მეღვინეობის ზონის განვითარებას.

„ძალიან  კარგია, რადგან  ხვანჭკარის  რეგიონი უფრო  მეტად  განვითარდება, რაც შეხება ჩვენ  კომპანიას  ჩვენ  იქ  ჩვენი პარტნიორი  კომპანია  გვყავს,  რომლის  სიმძლავრეებზეც  დამზადდება  ჩვენი  ღვინო, მოხდება მისი  გადამუშავება და  წამოვიღებთ  კახეთში. წარმოება  აუცილებლად უნდა მოხდეს ხვანჭკარის ზონაში და ჩამოსხმა  შესაძლებელია საქართველოს სხვა რეგიონშიც, დიდი იმედი მაქვს რომ ეს ხელს შეუწყობს ხვანჭკარის მეღვინეობის ზონის განვითარებას“, -  აღნიშნა ზურა რამაზაშვილმა.

„ჯაყელების მარნის“ მფლობელი, ღვინის მწარმოებელი ზაზა ჯაყელი კი აცხადებს რომ ეს  გადაწყვეტილება, იმ მეღვინეებს, რომლებიც „ხვანჭკარას“ ამზადებენ ხელს შეუშლის.

„მე ბოლომდე მზად არ ვარ ამისთვის,  არ ვიცით  რამდენად  დიდი  რესურსი  აქვს რაჭას  იმისთვის, რომ ეს  ყველაფერი ადგილზე  მოხდეს. შეიძლება მე არ ვაწარმოებ  „ხვანჭკარას“, მაგრამ მეღვინეებისთვის რომლებიც „ხვანჭკარას“ ამზადებენ ეს ხელისშემშლელი იქნება. მაგალითად, მე მაქვს ვენახი რაჭაში, მაგრამ არ მაქვს  იქ პირობები და მარანი, მაგრამ მაქვს კახეთში ან იმერეთში, რატომ არ უნდა წამოვიღო და რატომ უნდა დავიჩაგრო?

მე  არ მინდა, ჩემი პროდუქცია იქ ვინმეს ჩავაბარო, მე  ყურძენს კი არ ვყიდი, არამედ  ღვინოს ვაწარმოებ, ამ  შემთხვევაში როგორ დამეხმარება მე რაჭის რესურსი? რაჭაში რომ იყოს ისეთი ქარხანა, როგორც ეს ისრაელშია და ევროპის ბევრ ქვეყანაში, სადაც თითოეული მეღვინისთვის გამოყოფილია ადგილი, ჭურჭელი, ჩამოსასხმელი ხაზი, ამაში  იხდი  თანხას და  იქ აყენებ ღვინოს, კი ბატონო, მაგრამ აქ ასეთი რამე არ არსებობს. ამ პირობებში, რაც ახლაა, არარეალური მეჩვენება ასე საქმიანობა. მგონია რომ ეს  ბევრი მეღვინისთვის მიუღებელი იქნება, ბევრი კითხვებია, ასე მარტივად არ არის ეს საკითხი. მგონია რომ ამას  დიდი  ამბავი  მოჰყვება,  ხალხს პროდუქცია გაუფუჭდება და ვერ გაყიდიან“, - განაცხადა ზაზა ჯაყელმა.

შეგახსენებთ, რომ „ხვანჭკარას“ ადგილწარმოშობის ზონაში გადამუშავებასთან დაკავშირებით განცხადება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მაშინდელმა მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პირველად 2017 წელს გააკეთა. მაშინვე ითქვა, რომ ღვინო „ხვანჭკარის“ გადამუშავება მხოლოდ რაჭაში 2019 წლიდან დაიწყებოდა, მოგვიანებით ეს ვადა 2021 წლამდე გადაიწია, თუმცა პანდემიის მიზეზით, მორატორიუმი კიდევ 1 წლით გახანგრძლივდა. 2022 წლის ,,ხვანჭკარის“ მოსავალი კი, სრულად რაჭაში გადამუშავდება.

commersant.ge

 

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.