ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ტურისტებით დატვირთულ მესტიის სასტუმროებს ფასები არ გაუზრდიათ
27 ივნისი, 2022

„ივლისსა და აგვისტოში 65%  უცხოელი ტურისტების მიერ გვაქვს დაჯავშნილი“, -  ამის შესახებ „კომერსანტს“ მესტიაში მდებარე სასტუმრო უშბას მეპატრონემ თეა ჟორჟოლიანმა უთხრა. მისი თქმით მესტიაში ტურისტების დიდი რაოდენობა შეინიშნება და მისი სასტუმროც უკვე  დატვირთვით მუშაობს.

„ივლისი და აგვისტო სასტუმროს 65% დაჯავშნილი გვაქვს, ჯავშნების უმეტესობა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისგან არის, მესტიაში წელს  ჩეხების მოზღვავებაა,  თუმცა გვყავდა  ჯგუფები პოლონეთიდან, ლატვიიდან, ბელგიიდან, ასევე აქტიურია ისრაელიც. მე ძირითადად  შემომყვან ტუროპერატორებთან ვთანამშრომლობ, booking-ზე განცხადება არ მაქვს გამოქვეყნებული, თუმცა  როგორც სხვა  სასტუმროების წარმომადგენლები ამბობენ, ჯავშნები booking- ზეც საკმაოდ  აქტიურია“, -  აღნიშნა თეა  ჟორჟოლიანმა.

რაც  ეხება  ფასებს, თეა  ჟორჟოლიანი ამბობს, რომ წელს მესტიის სასტუმროებს ფასები არ გაუძვირებიათ, ერთი ღამის ღირებულება, საშუალოდ, 40-70 ლარია.

სასტუმრო „მესტია პლაზის“ მეპატრონე ნინო კალანდაძე ამბობს, რომ მის სასტუმროში ძირითადად საქართველოს სხვა რეგიონებიდან ჩასული ტურისტები ისვენებენ. ფასები არც ამ სასტუმროს ნომრებზეა გაძვირებული, მაგრამ, როგორც ნინო კალანდაძე ამბობს, გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში ყველაფერი გაძვირდა კვების საფასურის გაზრდა მაინც მოუწია.

„ნომრის ღირებულებას ვერ ვაძვირებ, რადგან იმდენი სასტუმროა მესტიაში, მე რომ ფასი მოვუმატო, მეშინია ვეღარ გავაქირავებ. რაც ეხება ჯავშნებს, booking-იდან  ძალიან  ცოტა შემოდის, ჩემს სასტუმროში დამსვენებლების 80% ქართველები არიან, ახლა ძირითადად ჯგუფები ტურებით მოდიან. ზოგადად, მესტიაში ძალიან ბევრ ტურისტს ვხედავ“, -  აღნიშნა ნინო კალანდაძემ.

commersant.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.