„ივნისში დაგეგმილია 300-ზე მეტი საერთაშორისო ფრენა მსოფლიოს 12 ქვეყნიდან“ - როგორ ხვდება აჭარა 2022 წლის საზღვაო სეზონს
აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონის ოფიციალური გახსნა 15 ივნისსა დაგეგმილი.
,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში, ,,ბიზნეს პალიტრა“ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თინათინ ზოიძე ამბობს, რომ 2019 წელთან შედარებით 50 %-ით უკვე აღდგენილია ტურისტული ნაკადები.
„გამოწვევების ფონზე გვიწევს ტურისტული სეზონის დაწყება. ვგულისხმობ, როგორც რეგიონალურ გამოწვევებს, ასევე პოსტ პანდემიურ ფონს. მოლოდინები ამის მიუხედავად პოზიტიურია და მაქსიმალური უნდა გაკეთდეს როგორც სახელმწიფოს, ასევე კერძო სექტორის მხრიდან, რომ საზღვაო ტურისტული სეზონი იყოს წარმატებული.
ძალიან აქტიურად მიმდინარეობს ნაკადების აღდგენა, როგორც ტრადიციული ბაზრებიდან, ასევე ემატება ახალი ნაკადები. ჩვენს მეგობარ უკრაინაში ომის გამო, ცხადია, ცვლილებები ამ მიმართულებითაც გვაქვს, თუმცა მათი ალტერნატიული ბაზრები ნაწილობრივ ჩანაცვლებულია. ძალიან აქტიურად მიმდინარეობს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში რეისების დამატება და ახალი მიმართულებების შემოსვლაც.
ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პირველი კვარტლის მონაცემით თუ ვისმჯელებთ, 2019 წელთან შედარებით 50 %-ით უკვე აღდგენილია ტურისტული ნაკადები, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში კი, 2019 წელთან შედარებით 30% მატება გვაქვს. განსაკუთრებულად პრიორიტეტული მიმართულება წელს ტრადიციულ ბაზრებთან ერთად გალფის ქვეყნები და ისრაელია.
ამავდროულად, ბალტიის ქვეყნებიდან წელს პირველად შესრულდება პირდაპირი რეისები. ასევე, დაემატა უზბეკეთი. მხოლოდ ივნისში, დაგეგმილია 300-ზე მეტი საერთაშორისო ფრენა მსოფლიოს 12 ქვეყნიდან. ამიტომ, ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულების განსავითარებლად და ვცდილობთ, რეგიონი დახვდეს განახლებული სერვისებით ვიზიტორებს“, - განაცხადა თინათინ ზოიძემ.
bpn.ge