Jakeli Wines - ღვინის ამ ქართული ბრენდის ისტორია 2007 წელს დაიწყო. ძმებმა ზაზა და მალხაზ ჯაყელებმა კომპანია ,,ჯაყელების ორგანული ვენახი და ღვინოები“ დააარსეს და ბიო სერტიფიკატიც მიიღეს. რა მოცულობის ბიო ღვინოს აწარმოებს კომპანია, რა გამოწვევებია არსებულ ბაზარზე და რა ჯდება მეწარმისთვის ბიო სერტიფიკატის ყოველწლიური ხარჯი – ამ თემებზე ,,კომერსანტი“ ცნობილ მეღვინეს - ზაზა ჯაყელს ესაუბრა.
როგორც აღმოჩნდა, ვენახსა და მარანში ყველა პროცედურას ხელით ასრულებს, რასაც ორგანული წარმოება მოითხოვს. შეუძლია, ერთდროულად მოირგოს მუშის და ბიზნესმენის იმიჯი, იცხოვროს იქ, სადაც უნიკალური ღვინო ისხმება და შექმნას ისეთი პროდუქტი, რომელიც ქართული ღვინის მოყვარულთათვის საგანძურია.
,,რა დღიდანაც ღვინის წარმოება დავიწყე, ორგანულ პროდუქტზე გავაკეთე აქცენტი და ამ მიმართულებისთვის ერთხელაც არ გადამიხვევია. არანაირი დანამატი არ არის ჩართული, 100%-ით სუფთა პროდუქტია. ეს არის, რომ ყოველწლიურად მიჭირს მუშახელის შოვნა, ახლაც სამუშაოს დიდი ნაწილი თვითონ შევასრულე. მეწარმისთვის ეს მარტივი არ არის, ხალხი შრომას თუ არ მიეჩვია, არაფერი გამოვა, მუდმივად გვექნება პრობლემა და ქვეყანა ვერც ეკონომიკურად მოძლიერდება“, - ამბობს ზაზა ჯაყელი.
მისი თქმით, საქართველოში ბიომეურნეობის განვითარებას განსაკუთრებით უნდა მიექცეს ყურადღება, მით უფრო, მეღვინეობაში, რადგან საქართველოს იმიჯი დიდწილად სწორედ ამ პროდუქტის პოპულარობასა და ექსპორტზე მიღწეულ წარმატებაზეც არის დამოკიდებული.
„ყოველწლიურად 6000 ბოთლ ღვინოს ვასხამთ. რაც არ უნდა მოვინდომოთ, ამაზე მეტს ვერ შევძლებთ, მაშინ ამ სტანდარტს ვერ შევინარჩუნებთ. ეს არის მთელი არსი. საქართველოში ბიომეურნეობის გამართვა არ არის მარტივი საქმე, მით უმეტეს, რომ ხარჯი ძალიან მაღალია, წლიურად მარტო სერტიფიკატი ჯდება 1000 დოლარი, ძვირი სიამოვნებაა“, - ამბობს მეღვინე.
Jakeli Wines-ის ახალი პარტია გერმანიის ბაზარზე 11 სექტემბერს მეორედ გავა, მცირე-მცირე რაოდენობებით პროდუქტი უახლოეს დღეებში გაიგზავნება სინგაპურში, პოლონეთში, საფრანგეთსა და იაპონიაში.
როგორც ზაზა ჯაყელი ამბობს, აღნიშნულ ბაზრებზე ,,საფერავი“ 11-14 ევროს ფარგლებში იყიდება, თეთრი ღვინოს ფასი 10 ევროა.
რაც შეეხება ბიო წარმოების მოსავალს და ხარჯს, როგორც ბიო პროდუქტის მეწარმე ამბობს, ბიო სტანდარტით გაშენებულ ვენახზე ,,საფერავის“ მოსავლიანობა 3 ტონამდეა, თეთრი ყურძნის შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი 5-6 ტონას შეადგენს. ზაზა ჯაყელი ხარჯის ზუსტ მოცულობას არ ასახელებს და ამბობს, რომ დაახლოებით 2-ჯერ მეტის გადახდა უწევს, ვიდრე ტრადიციული მეთოდით მოყვანის შემთხვევაში დაიხარჯებოდა.
აღსანიშნავია, რომ ჯაყელების ერთ-ერთი საფირმო პროდუქტი - ორგანული წესით წარმოებული ხაშმის საფერავია. 2015 წლიდან ამ ხაზს დაემატა თეთრი ღვინოების კატეგორია, რომელიც ევროპაში წარმატებით იყიდება. ქართული ბრენდი თავდაპირველად საქართველოს ღვინის სააგენტოს ხელშეწყობით ინგლისის, იტალიისა და საფრანგეთის ნატურალური ღვინის გამოფენებზე მოხვდა, ასე გახდა შესაძლებელი ევროპელ ღვინის შემსყიდველებთან და დილერებთან კონტაქტების დამყარება.
ამ კომუნიკაციის შემდეგ კონტრაქტებიც მოიპოვეს და ბიო ღვინო გერმანიაში, პოლონეთში, იაპონიაში, შვედეთში, დანიაში, შვეიცარიაში, იტალიაში, უკრაინაში, ამერიკაში, ჰონკონგსა და ინგლისში ექსპორტზე გაიტანეს.
„შემოთავაზებები სულ არის ევროპიდან, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შედეგად საქართველოდან შესულ პროდუქციაზე ტარიფები გაუქმდა. ქართული ღვინო გადასახადების გაუქმებამ კონკურენტუნარიანი გახადა. დიდი მოთხოვნაა ევროკავშირიდან, ამიტომაც დავამატეთ ქვევრის ღვინოები, რომლის ექსპორტსაც წარმატებით ვახდენთ. მიმაჩნია, რომ ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის საჭიროა მეტი თეორიული ცოდნა და შესაბამისად, ამ ცოდნის მისაღები კერების განვითარება. მნიშვნელოვანია ისეთი სტრატეგიით მოქმედება, რომელიც ორიენტირებულია ხარისხზე და არა რაოდენობაზე. ალბათ ასე დავიმკვიდრებთ ჩვენს ადგილს მსოფლიოს ბაზარზე. ადგილობრივად სასურველია შეიცვალოს ღვინოსთან ურთიერთობისა და მისი მოხმარების კულტურა, რაც სამომავლოდ დადებით ასახვას პოვებს წარმოებული ღვინის ხარისხზე“, – ამბობს ზაზა ჯაყელი.
ბიო ღვინის პარალელურად ჯაყელები აგრო ტურიზმის მიმართულებასაც ავითარებენ. 2017 წელს ღვინის მარანიც ააშენეს, სადაც მსოფლიოს ყველა კუთხიდან სტუმრებს იღებენ და ღვინის დეგუსტაციაზე სხვადასხვა მენიუებს სთავაზობენ.
ცნობისთვის, ღვინოს შეიძლება ,, ბიო ღვინო ” ეწოდოს, თუ ის ორგანული მეურნეობითაა მოყვანილი, ანუ ყურძნის მოსაყვანად არ არის ქიმიური სასუქები და სხვა შხამ-ქიმიკატები გამოყენებული. ამასთან, ღვინის დაყენების პროცესიც კონტროლდება. ღვინო სრულად ნატურალური უნდა იყოს. ცნობილია, რომ შხამ- ქიმიკატები მოსავლიანობის ზრდას უწყობს ხელს, რის გამოც ბევრი მევენახე უარს ამბობს ორგანული მეთოდის გამოყენებაზე. თუმცა, როგორც სპეციალისტები განმარტავენ, შხამ-ქიმიკატების გამოყენების შემდეგ ნიადაგი იფიტება და ნაყოფში მავნე ნივთიერებებიც გროვდება.
სულ 70-მდე სერტიფიცირებული მევენახეა საქართველოში, რომელიც ბიო ღვინოს აწარმოებს. სერტიფიკატს შპს ,,კავკასსერტი“ გასცემს, რომელიც ერთადერთი მასერტიფიცირებელი ორგანოა ქვეყანაში.
commersant.ge