ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
Jakeli Wines წლის მთავარ გამოწვევად კლიმატს და მუშახელის სიმცირეს მიიჩნევს
30 იანვარი, 2024

2023 წელის Jakeli Wines-ის მწარმოებლებისთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა. როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი ზაზა ჯაყელი ,,ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, უამინდობის გამო წარმოებაში საკმაოდ დიდი კლება განიცადეს. გარკვეული პრობლემა შექმნა მუშახელის დეფიციტმაც, რაც, მისივე თქმით, წარმოებისთვის რეალურად დიდი დაბრკოლებაა.

,,შარშან მთელ საქართველოში ყურძნის ცუდი მოსავალი იყო. შესაბამისად, წარმოებაშიც კლება განვიცადეთ. ჩვენი წარმოება წლიურად 7000 ბოთლამდეა და სეზონზე ეს მაჩვენებელი 5000 ბოთლამდე შეგვიმცირდა. სერიოზულ ზრდას არ ველოდით, სტაბილურად ერთი პოზიცია გვიჭირავს, ეს არის 6000-7000 ბოთლი ღვინო წელიწადში. რაც არ უნდა მოვინდომოთ, ამაზე მეტს ვერ შევძლებთ, მაშინ ამ სტანდარტს ვერ შევინარჩუნებთ. ეს არის მთელი არსი. საქართველოში ბიომეურნეობის გამართვა არ არის მარტივი საქმე, მით უმეტეს, რომ ხარჯი ძალიან მაღალია, წლიურად მარტო სერტიფიკატი ჯდება 1000 დოლარი, ძვირი სიამოვნებაა“, - აცხადებს ჯაყელი.

კიდევ ერთი პრობლემა, რაზეც ცნობილი მეღვინე ყურადღებას ამახვილებს მუშახელის სიმცირეს უკავშირდება.

,,ვენახსა და მარანში ყველა პროცედურას ხელით ვასრულებთ. ამას ორგანული წარმოება მოითხოვს. არანაირი დანამატი არ არის ჩართული, რასაც ვაკეთებთ, 100%-ით სუფთა პროდუქტია. ეს არის, რომ ყოველწლიურად მიჭირს მუშახელის შოვნა, ამიტომ სამუშაოს დიდი ნაწილი ხშირად თვითონ ვასრულებ, სანამ კადრებთან დაკავშირებული საკითხი არ მოგვარდება ქვეყანაში, მუდმივად გვექნება პრობლემა,  ვერც ეკონომიკურად მოვძლიერდებით", - დასძინა ბიო მეღვინემ ,,ბიზნესპარტნიორთან“.

აღსანიშნავია, რომ ჯაყელების ერთ-ერთი საფირმო პროდუქტი - ორგანული წესით წარმოებული ხაშმის საფერავია. 2015 წლიდან ამ ხაზს დაემატა თეთრი ღვინოების კატეგორია, რომელიც ევროპაში წარმატებით იყიდება.

ცნობისთვის, ღვინის ქართული ბრენდის Jakeli Wines - ის ისტორია 2007 წელს დაიწყო. ძმებმა ზაზა და მალხაზ ჯაყელებმა კომპანია ,,ჯაყელების ორგანული ვენახი და ღვინოები“ დააარსეს და ბიო სერტიფიკატიც მიიღეს. ბიო ღვინო ექსპორტზე მსოფლიოს 10-მდე ქვეყანაში გადის.

ღვინის პარალელურად ჯაყელები აგროტურიზმის მიმართულებასაც ავითარებენ. 2017 წელს ღვინის მარანიც ააშენეს, სადაც მსოფლიოს ყველა კუთხიდან სტუმრებს იღებენ და ღვინის დეგუსტაციაზე სხვადასხვა მენიუს სთავაზობენ.

bp.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.