ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ჯარისკაცები არქეოლოგიაში - ნოქალაქევის კომპლექსში ნატოს სამშვიდობო მისიებში მონაწილე სამხედროები ჩაერთნენ
31 ივლისი, 2018

ნოქალაქევის არქიტექტურულ კომპლექსში ნატოს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე ქართველი სამხედრო პირების რესოციალიზაციის პროგრამის II ეტაპი სრულდება.

კავკასიურ სივრცეში უპრეცენდენტო პროექტი უნიკალური ნაქალაქარის (ძვ.წ.აღ. IX-ახ.წ.აღ. VIIსს.) ტერიტორიაზე, ექიმების მეთვალყურეობით, ვეტერანი სამხედროების ეროვნული მუზეუმის ნოქალაქევის ქართულ-ინგლისურ არქეოლოგიურ სამეცნიერო ექსპედიციაში მონაწილეობას გულისხმობს.

კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს ცნობით, სამშვიდობო მისიებში მონაწილეთა ფსიქო-ემოციური და სოციალური რეაბილიტაციის მიზნით, სამხედროები ჩართულები არიან როგორც საველე, ისე ლაბორატორიულ სამუშაოებში. არქეოლოგიური კვლევა ძიების 1 თვიან პროცესში წელს 4 ქართველი ვეტერანი სამხედრო პირი ჩაერთო.

ანალოგიური პროგრამა ნოქალაქევის არქიტექტურულ კომპლექსზე გასულ წელსაც განხორციელდა, სადაც ქართველ ჯარისკაცებთან ერთად ვინჩესტერის უნივერსიტეტის არქეოლოგიის პროგრამაზე მოსწავლე სამი ბრიტანელი ვეტერანი ჯარისკაციც მონაწილეობდა.

ნატოს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე ქართველი სამხედრო პირების რესოციალიზაციის პროგრამა უახლოეს დღეებში ხვამლის მთის არქოლოგიური ექსპედიციის ფარგლებშიც აიღებს სტარტს. სამეცნიერო კვლევით პროცესში აგვისტოდან 7 ქართველი ვეტერანი 20 დღის განმავლობაში ჩაერთვება.

ქართველი სამხედრო პირების რესოციალიზაციის პროგრამა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და თავდაცვის სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე ხორციელდება.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.