ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
"ჯავშნების 90% უცხოელი ვიზიტორებია, თანდათან იზრდება ადგილობრივი ტურისტების წილიც" – Home Inn
22 თებერვალი, 2024

ლაგოდეხში მდებარე საოჯახო სასტუმრო Home Inn ძირითადად იმ უცხოელ ვიზიტორებს მასპინძლობს, ვისაც ეკოლოგიურად სუფთა გარემო და ავთენტური სამზარეულო იზიდავს. სასტუმროს თანადამფუძნებელი ლელა კიკალეიშვილი ‘’ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ დამსვენებლების 90% უცხოელი ვიზიტორები არიან.

პანდემიურ პერიოდში შექმნილი საოჯახო სასტუმროს შექმნის მიზანია, მაქსიმალურად აითვისონ აგროტურისტული პოტენციალი, რის შესაძლებლობასაც ლაგოდეხის ბუნება და ინფრასტრუქტურა იძლევა.

"ორი წლის წინ, როცა საქმიანობას ვიწყებდით, აქცენტი გავაკეთეთ უცხო ქვეყნების მოქალაქეებზე, რომლებიც პრიორიტეტს ოჯახურ პირობებში, მყუდრო გარემოში დასვენებას ანიჭებენ. პირველივე წელს მოვიზიდეთ ვიზიტორები, ხოლო უკვე 2023 წელს, მოვახერხეთ, რომ დამსვენებლები ყველა სეზონზე მიგვეღო. ამან შემოსავლებში 30-40%-იანი ზრდა გამოიწვია, რაც დიდი სტიმულია ბიზნესის გაფართოებისა და განვითარებისთვის. ჯავშნების 90 % Booking-დან  შემოდის და უცხოელი ტურისტები არიან, თუმცა ქართველი ვიზიტორებიც გვემატება. ძირითადად არიან  ჯგუფები - კომპანიები და  ოჯახები. გასული წლის სტატისტიკა რომ ავიღოთ, ბევრი ტურისტი იყო გერმანიიდან, ჰოლანდიიდან,ინგლისიდან, მათ შორის გვსტუმრობდნენ აზიური ქვეყნებიდანაც. ძირითადად მაინც ბუნების, მთის და ლაშქრობების მოყვარული საზოგადოებაა. ტენდენციაც გამოკვეთილია, ზოგადად აგროტურისტული მიმართულება არის გააქტიურებული, ამის საჭიროება თავის დროზე პანდემიამაც დაგვანახა. ადამიანები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან დიდ ყურადღებას უთმობენ სუფთა გარემოში დასვენებას და  ნატურალურ სურსათს, რასაც საოჯახო სასტუმროები ვთავაზობთ, ინტერესიც ამით აიხსნება“, - აცხადებს ლელა კიკალეიშვილი.

Home Inn-ის თანადამფუძნებელი თვლის, რომ ტურისტულ ბიზნესში ინვესტიცია მომგებიანია, ამიტომ შემდეგ წლებში ობიექტის განვითარებას გეგმავს.

"დეტალებს, რა შეიძლება გავაკეთოთ და როგორ სერვისს შევთავაზებთ სტუმრებს, ამაზე ჯერ კიდევ ვმუშაობთ.  ორი წლის დაკვირვებამ გვიჩვენა ის საჭიროებები,რაც  ბიზნესის კიდევ უფრო მეტი  წარმატებისთვის უნდა გავითვალისწინოთ.  ეს ეხება როგორც ინფრასტრუქტურულ ნაწილს, ასევე კულინარიულ მიმართულებას. გვინდა გავაფართოოთ საკუთარი პროდუქტის წარმოება და სხვა. ვგეგმავთ ტრადიციული სტუმარ-მასპინძლობის სრული სერვისი შეთავაზებას, რომელიც ჩვენს ქართულ ტრადიციას  გამოხატავს. ძალიან გვეხმარება ადგილმდებარეობა - ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებთან სიახლოვე,რომელსაც ასეულობით უცხოელი სტუმრობს. რაც შეეხება კვების ნაწილს, მრავალფეროვანი, ტრადიციული კერძები დიდ მოწონებას იმსახურებს ტურისტების მხრიდან და ამას განსაკუთრებით აღნიშნავენ. ვგეგმავთ მენიუში დავამატოთ მეტ-ნაკლებად საქართველოს ყველა კუთხის სამზარეულო და უფრო საინტერესო გავხადოთ“, - აცხადებს ლელა კიკალეიშვილი.

ცნობისთვის, საოჯახო სასტუმრო Home Inn ლაგოდეხში 2021 წელს დაფუძნდა. სასტუმროს და ტურისტების მასპინძლობას  მართვას ოჯახის წევრები უწევენ .

რაც შეეხება განხორციელებულ ინვესტიციას, როგორც საოჯახო სასტუმროს დამფუძნებლები აცხადებენ, თავის დროზე მინიმალური ხარჯი გასწიეს, რის შესაძლებლობაც ბებია-ბაბუის დანატოვარმა სახლმა მისცა.  ეზოს კეთილმოწყობა და მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები ტურისტებიდან  შემოსული თანხით მოახდინეს.

ტურისტული ობიექტის გაფართოებისთვის სავარაუდო ინვესტიცია 60-70 ათასი ლარია, რის მოზიდვასაც  Home Inn-ის დამფუძნებლები მომავალში სხვადასხვა დონორი ორგანიზაციებიდან გეგმავენ.

bp.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.