«ჯინო ველნეს გრუპი» ბაკურიანში 4-მილიონიანი კომპლექსის მშენებლობას გაზაფხულიდან დაიწყებს
"ჯინო ველნეს გრუპი" ბაკურიანში დასასვენებელ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის მშენებლობას გაზაფხულიდან დაიწყებს. საქმის კურსს კომპანიის წარმომადგენელმა რამაზ მიქაძემ განუცხადა, რომ ამ ეტაპზე საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს.
"კონცეფციის საბოლოო ვერსია ამ კვირის ბოლომდე გვექნება",-აცხადებს რამაზ მიქაძე.
ადგილზე მინიმუმ 4 მილიონ 200 ათასი ლარი უნდა ჩაიდოს. ეს არის ის საინვესტიციო ვალდებულება, რომლის სანაცვლოდაც კომპანიას 500 ათას ლარად მიწა გადაეცა.
თავდაპირველი პროექტის მიხედვით, ბაკურიანში დაგეგმილია 500 ადამიანზე გათვლილი დასასვენებელი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი, სპა და ველნეს ცენტრის მშენებლობა. პროექტი ითვალისწინებს ასევე აკვა-პარკის, ღია და დახურული ტიპის აუზების, სასტუმროსა და რესტორნების მოწყობას.
"ჯინო ველნეს გრუპი" ამ ეტაპზე თბილისის ზღვის ტერიტორიაზე მრავალფუნქციურ და გამაჯანსაღებელ კომპლექსს "ჯინო ფერედაისს" ფლობს.
ავტორი: სალომე მეცხვარიშვილი