ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
“ჯოჯოხეთი” თუშურ სამოთხემდე
02 აგვისტო, 2019

თუშეთამდე მისასვლელი გზა რომ ექსტრემალურია – ეს ახალი ამბავი თითქმის არავისთვისაა. ულამაზეს მხარეში მოხვედრა რომ ბევრ შემთხვევაში ტრაგიკულად სრულდება, ესეც ცნობილია; მიუხედავად ამისა, “ღმერთების მთიანი სამყოფელის” მიმართ, როგორც ამ ადგილს ეძახიან, ტურისტების ინტერესი უფრო და უფრო იზრდება და თუშეთი უცხოელი თუ ქართველი ვიზიტორების საყვარელი ჰოტსპოტი ხდება. სულ ცოტა ხნის წინ, თუშეთის საოცარ ბუნებაზე, ადათსა და ადგილობრივ წეს-ჩვეულებებზე ავსტრიელებმა დოკუმენტური ფილმიც კი გადაიღეს. ამ და სხვა ევროპული ნამუშევრებით კი, საქართველოს უნიკალური განძის შესახებ უცხოეთშიც უფრო მეტს იგებენ და ინტერესდებიან კიდეც.

უცხოელების ინტერესისა და მნახველების გაზრდილი მაჩვენებლის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება ამ კუთხის მიმართ ერთგვარ განყენებულ პოზაშია, – ასე ფიქრობენ ადგილობრივები; თუშები bm.ge-ის უყვებიან, რომ წინა მთავრობისგან განსხვავებით, დღევანდელი ხელისუფლება ინტერესს საერთოდ არ იჩენს. პრობლემების მოგვარებას არც ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები ცდილობენ. პრობლემა კი, მართლაც რომ ბევრი აქვთ:

დანგრეული გზები, თუშეთში მისასვლელი თუ შიდა ხიდები, რომლებიც ჩატეხვის პირასაა და ფაქტობრივად, მათზე გადავლა სარისკოა, ინფრასტრუქტურა, მოუწესრიგებელი კანალიზაცია და ა.შ – ყველა ეს თემა ადგილობრივებისთვის სასწრაფოდ მოსაგვარებელი საკითხების ნუსხაშია, თუმცა როგორც მათი უმეტესობა აცხადებს, (ყოველ შემთხვევაში, ჩვენ მიერ გამოკითხული ადამიანები) “სამწუხაროდ, სასწრაფოდ მომგვარებელი არავინ არაა”. გვიყვებიან, რომ მთავრობის მუშაობით უკმაყოფილოები არიან.

ცალკე თემაა თუშეთში ასასვლელი, საავტომობილო გზა – ასე ჰქვია, თორემ გზისა და მით უმეტეს საავტომობილოს გარდა, ეს ყველაფერია. მონაკვეთი სრულიად დანგრეულია, იქ ასვლა ფაქტობრივად, სიცოცხლის სასწორზე დადების ტოლფასია, თუმცა დაუვიწყარი თავგადასავლების მსურველები ამ რისკზე მაინც მიდიან. გზაზე ავტოავარიები ხშირია; თუ თუშეთში მოგზაურობას დაააპირებთ, სასურველია თუ მძღოლი თუში და თანაც გამოცდილი გეყოლებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი ავტომობილებით ასვლა რეკომენდირებული ნამდვილად არ არის.

სულ რაღაც 1 თვის წინ, თუშეთისკენ მიმავალი ავტომობილი ხრამში გადავარდა, შემთხვევა ტრაგიკულად, მსხვერპლით დასრულდა; ერთი კვირის წინ კი, მორიგი ტრაგედია დატრიალდა – სატვირთო მანქანა რამდენიმე ათეული მეტრის სიმაღლიდან ხევში გადაიჩეხა; შემთხვევა ამჯერადაც მსხვერპლით დამთავრდა – 7 ადამიანი დაიღუპა.

თუშეთის საავტომობილო გზა ერთ-ერთი ყველაზე რთული სატრანსპორტო მონაკვეთია საქართველოში. BBC–იმ 2013 წელს ის ევროპის ყველაზე ექსტრემალური გზების ჩამონათვალში შეიყვანა; თუშეთის გზა ღია მაისის შუა რიცხვებიდან ოქტომბრის ბოლომდეა.

აბანოს უღელტეხილზე, რომელიც ზღვის დონიდან 2950 მეტრზეა, დიდთოვლობის გამო, გზა 6 თვის განმავლობაში იკეტება და თუშეთში მოხვედრა მხოლოდ ვერტმფრენით არის შესაძლებელი. საავტომობილო გზა თელავის რაიონის სოფელ ფშაველიდან იწყება. თუშეთის ადმინისტრაციულ ცენტრამდე, სოფელ ომალომდე 72 კილომეტრია და მის გავლას დაახლოებით, 5 საათი სჭირდება.




© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.