„ჯორჯია პალას ჰოტელს" ზამთრის პერიოდში დამსვენებლების მოზიდვაში „მაკდონალდსი" დაეხმარება.
როგორც „კომერსანტს" ქობულეთში მდებარე სასტუმროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ლელა წულუკიძემ განუცხადა, სწრაფი კვების ობიექტში მისული მომხმარებელი, ყოველ დახარჯულ 15 ლარზე 1 GPH დოლარს მიიღებს. აღნიშნული კუპიურების გამოყენება დამსვენებელს სასტუმროში შეეძლება, 25 GPH დოლარის შეგროვების შემთხვევაში, მომხმარებელი დღის განმავლობაში 25 $-იან ფასდაკლებას მიიღებს.
სპეციალურად „ჯორჯია პალას ჰოტელისთვის" განკუთვნილი დოლარები „მაკდონალდსის" ქსელში 26 სექტემბრიდან გაეშვება. მათი გამოყენება კი ნებისმიერ მომხმარებელს მიმდინარე წლის მაისამდე შეეძლება.
ლელა წულუკიძე განმარტავს, რომ აღნიშნული კამპანიის მთავარი მიზანი ზამთრის პერიოდში სასტუმროში დამსვენებლის მოზიდვაა. მისივე თქმით, „ჯორჯია პალას ჰოტელი" მომხმარებელს ზამთარში სხვადასხვა პაკეტს შესთავაზებს, მათ შორის ყველაზე აქტიური კი საკონფერენციო პაკეტებია, რომელიც ზამთრის სეზონზე ბიზნესსეგმენტის წარმომადგენლებს განსაკუთრებით იზიდავს.
„ჯორჯია პალას ჰოტელი" ქობულეთში 2008 წელს გაიხსნა.
commersant.ge