საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გასულ კვირას განკარგულება გამოსცა, რომლის მიხედვითაც, მთავრობა რუსეთიდან ტრანზიტულ ფრენებს დააფინანსებს. ჯამში, საუბარია, 600 000 ევრომდე თანხაზე, ხოლო თითოეული ავიაბილეთის შემთხვევაში, სახელმწიფო სუბსიდია მაქსიმუმ 90 ევრომდეა განსაზღვრული.
ავიაკომპანია, რომელმაც რუსული ავისანქციების შემდეგ მგზავრებს ალტერნატიული მარშრუტი, თბილისი-(ერევანი)-მოსკოვი, (ერევანი)- თბილისის მარშრუტი შესთავაზა, ეროვნული ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისია“, თუმცა კომპანიაში განმარტავენ, რომ მთავრობის გადაწყვეტილება კონკრეტულად „ჯორჯიან ეარავეისს“ არ ეხება.
„ეს ეხება იმ მოთამაშეებს, რომლებსაც შეუძლიათ სატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა გადაყვანის უზრუნველყოფა იმ ბაზრებიდან, რომლებზეც რეალური მოთხოვნაა. ნებიმისერ კომპანიას შეუძლია თავისი პარტნიორო კომპანიის გამოყენება ასეთი ტრანზიტული ფრენების განსახორციელებლად“, – აცხადებს bm.ge-ისთან „ჯორჯიან ეარვეისის“ კომერციული დირექტორის მოადგილე თამუნა თანდაშვილი.
რაც შეეხება იმას, რატომ გაკეთდა აქცენტი კვლავ რუსეთის მიმართულების შენარჩუნებაზე, როცა რუსეთის მთავრობის მხრიდან პირდაპირ ხდება დავალება ტურისტული სააგენტოებისთვის, რომ საქართველო ტურისტულ პაკეტებში არ შეიტანონ, თანდაშვილი ამბობს, რომ ტრანზიტული ფრენების დაფინანსების გადაწყვეტილება მთავრობამ რუსეთიდან ტურისტების შესანარჩუნებლად მიიღო.
„ჩვენს ავიაკომპანიასთან ერთად, შეხვედრები გაიმართა კერძო სექტორთან. თითქმის ყველა მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები ერთმნიშვნელოვნად აღნიშნავდნენ, რომ მათ სჭირდებათ ის მგზავრები, რომლებსაც დაგეგმილი ჰქონდათ ერთი წლის წინ საქართველოში ჩამოსვლა და ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ მათთვის რუსული ბაზრის დაკარგვა დიდ ფინანსურ პრობლემებთან იქნებოდა დაკავშირებული. ეს იყო კერძო სექტორის დაკვეთა, რომელიც სახელმწიფომ მოისმინა, განიხილა და შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება“, – განაცხადა თამუნა თანდაშვილმა და დასძინა, რომ რუსეთიდან ჩამოსული ტურისტების მხოლოდ 60% ინდივიდუალური მგზავრია.