ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
K2 კოეფიციენტთან დაკავშირებით შეზღუდვები ბათუმშიც დაწესდა
07 მარტი, 2019

ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ბათუმში, K2 კოეფიციენტთან დაკავშირებით, შეზღუდვები დაწესდა. საკრებულოს გადაწყვეტილებით,ცვლილებები შევიდა „თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის №50 დადგენილებაში, რომელიც გულისხმობს ქალაქის ტერიტორიაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისა და სასტუმროებისათვის პარკირების წესების განსაზღვრას, საკურორტო-სარეკრეაციო ზონა 2-ისთვის დასაშვები ობიექტების ჩამონათვალში ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობა/რეკონსტრუქციის დამატებას, განაშენიანების ინტენსივობის კ2 კოეფიციენტის განმეორებით გაზრდის შეზღუდვას, ქალაქის ტერიტორიაზე დადგენილი განაშენიანების ინტენსივობის კ2 კოეფიციენტის შეზღუდვას იმ სამშენებლო მიწის ნაკვეთებზე, რომელთა ფართობი არ აღემატება 600 კვ/მ-ს და ასევე, განსაზღვრული ფართის მქონე სამშენებლო მიწის ნაკვეთებზე კ2 კოეფიციენტის გაზრდის დადგენას გარკვეული პროცენტული მაჩვენებლებით.

შეგახსენებთ, რამდენიმე კვირის წინ თბილისის მერმა, კახა კალაძემაც დაანონსა გადაწყვეტილება K2 კოეფიციენტის გაყიდვის აკრძალვის შესახებ.  მისი  თქმით, კოეფიციენტის გადამეტების მავნე პრაქტიკამ ხელი შეუწყო ქალაქის დამახინჯებას. თბილისის მერის განცხადებით, სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებმა ეს ინიციატივა ძალიან სწორად გააანალიზეს. მერის განცხადებითვე, ის პრაქტიკა, რომელიც 2005 წლიდან იყო დამკვიდრებული, თბილისის მერიისა და საკრებულოს უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება.

ახალი რეგულაცია გავრცელდება ყველა ნებართვასა და გრგ-ზე, რომელიც რეგულაციის ამოქმედების მომენტიდან იქნება მიღებული წარმოებაში.

K2 გვიჩვენებს, თუ რა მოცულობის შენობის აგებაა დასაშვები, რაც გამოითვლება შემდეგნაირად: თუ მიწის ნაკვეთი 400 კვ.მ-ია, ნორმატიული K2 კი 1.8, საპროექტო K2-ს მივიღებთ : 400*1.8=720 კვ.მ (ესე იგი შენობის სართულების საერთო ფართი არ უნდა აღემატებოდეს 720 კვ.მ-ს.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.