კაფეს, რომლის ასაშენებლადაც წინა მთავრობამ 2.5 მილიონი დახარჯა, ახლანდელი 2 მილიონად არემონტებს
ანაკლიაში, სანაპირო ზოლზე მდებარე კაფე–რესტორნის რეაბილიტაციისთვის დიდი სამუშაოებია დაწყებული და ამისთვის 2 მილიონზე მეტ ლარს სახელმწიფო ხარჯავს. კაფე–რესტორნის რეაბილიტაციისთვის მილიონები ზუგდიდის მუნიციპალიტეტს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მისცა.
საქმე ეხება „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ბიუჯეტის თანხებით აშენებულ კაფე-რესტორანს, რომელზეც 2013 წელს თავად ინფრასტრუქტურის სამინისტრო აცხადებდა, რომ „კაფეების და სასტუმროების მშენებლობა სახელმწიფოს საქმე არ არის და ამისთვის მილიონების ბიუჯეტიდან ფლანგვა მიუღებელია“, თუმცა, ეს შენობა 6 წლის შემდეგაც, რატომღაც, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია და მისი რემონტი ისევ სახელმწიფოს და თვითმმართველობის საქმე გახდა.
მოდით, გავიხსენოთ საქართველოში, ალბათ, ყველაზე ძვირადღირებული მუნიციპალური კაფეს ისტორია:
ალბათ, გახსოვთ, 2011 წელს, როცა მიხეილ სააკაშვილმა ქალაქ ლაზიკას აშენების იდეა წამოჭრა, მისმა მთავრობამ, ვანო მერაბიშვილის თამადობით, როგორი დამკვრელური ტემპებით დაიწყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ახალ-ახალი პროექტების დაფინანსება. „ლაზიკა“ იგივე ტერიტორიაზე უნდა აშენებულიყო, სადაც დღესაც, 7 წლის წინათაც და მანამდე ბევრად ადრეც, ანაკლია-განმუხურის სანაპირო ზოლია. სასწრაფოდ შეიქმნა 2 შპს, რომლიდანაც ერთი სახელმწიფო, მეორე კი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში იყო და დაიწყო და დაიწყო ამ შპს-ებზე თანხების ცენტრალური ბიუჯეტიდან გადაქაჩვა.
ამ თანხებით 2011-2012 წლებში 3 პროექტი დასრულდა – ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდის, რომელიც საზეიმოდ გახსნიდან მალევე ქარბორბალამ წაიღო და მის ნარჩენებს ზღვაში ეძებდნენ, სასტუმრო, რომელსაც კანალიზაცია არ ჰქონდა და რომელიც, მაშინაც და ჩვენი ინფორმაციით, რამდენიმე თვის წინათაც, ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის ბალანსზე იყო და კაფე, რომელიც ამ დრომდე, რატომღაც, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაა.
მერაბიშვილის მიერ 2012 წელს გამოცემული განკარგულებებით ირკვევა, რომ ამ კაფეს ასაშენებლად რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაიხარჯა:
საპროექტო სამუშაოებზე – 34 400 ლარი;
მინისა და ლითონის კონსტრუქციების დამზადება‑მონტაჟისთვის – 420 000 ევროს ეკვივალენტი ლარი;
მინაპლასტიკით შემოსვისა და მანათობელი დანამატით შეღებვისთვის – 520 000 დოლარის ეკვივალენტი ლარი;
სამგზავრო ლიფტის მონტაჟისა და კიბის მოსაწყობად – 100 000 დოლარის ეკვივალენტი ლარი;
მოკლედ, ჯამში, ამ არნახული მუნიციპალური კაფე-რესტორნის აშენებას 2 მილიონ ლარზე მეტი დაახარჯეს. მისი აშენების მიზანიც მერაბიშვილისსავე განკარგულებაშია განმარტებული – ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარება.
კაფეს რემონტისთვის გამოყოფილი თანხაც და მიზანიც, 7 წლის შემდეგაც, ფაქტობრივად, უცვლელია – თანხა: 2 მილიონზე მეტი; მიზანი: ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარება.
ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, რომ ანაკლიაში კაფე-რესტორნის სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხორციელდება და მისი ღირებულება 2 129 650 ლარია. კაფე-რესტორნის სრულ რეაბილიტაციასთან ერთად, რეაბილიტირდება ანაკლიის სანაპირო ზოლიც, ველოსიპედის ბილიკები, ზღვის სანაპირომდე ჩასასვლელი ბილიკები და სანაპირო ზოლზე გასახდელები. ანაკლიაში რეაბილიტაცია უტარდება ხის საფეხმავლო ხიდსაც.
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის, პრაქტიკულად, ერთადერთი საშუალებაა იმისათვის, რომ მუნიციპალიტეტში მსხვილი ინფრასტრუქტურული პრობლემები მოაგვარონ. ამას საკუთარი მწირი სახსრებით თვითმმართველობები, უბრალოდ, ვერ ახერხებენ. ცხადია, ზუგდიდის მერიასაც, მუნიციპალიტეტში არსებული ერთი 64 500-იანი ქალაქისა და 48 სოფლისთვის, რომელშიც ჯამში 97 000-მდე მცხოვრებია, ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად სწორედ რეგფონდის თანხები აქვს. რაც მთავარია, ეს თანხები მუნიციპალიტეტების მიერ შედგენილ პრიორიტეტების დოკუმენტთან თანხვედრაში უნდა იყოს, სხვაგვარად სახელმწიფო კომისიამ პროექტი არ უნდა დააფინანსოს.
რატომ ხარჯავენ სახელმწიფო და მუნიციპალიტეტი ფულს კაფე–რესტორნის რეაბილიტაციისთვის? რატომ გადაწყდა, რომ რესტორნის გარემონტებისთვის ფულის ხარჯვა იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტისთვის პრიორიტეტული და საერთოდ, სახელმწიფოს, ან მუნიციპალიტეტის ფუნქცია არის თუ არა კაფე–რესტორნის ფლობა?
ზუგდიდის მერის პირველი მოადგილე გიგა ფარულავა ამბობს, რომ ეს კეთდება იმისთვის, რომ კიდევ უფრო განვითარდეს ტურიზმი.
გიგა ფარულავა: „ვფიქრობ, რომ მიზანშეწონილი და მართებულია, ეს ზონა უფრო აქტიური გავხადოთ და ამ მიზნით მოხდა ზუსტად ის, რომ სახელმწიფოს მიერ იდება ეს თანხები ამ პროექტში. ეს კეთდება იმიტომ, რომ უფრო მეტად დაიტვირთოს ანაკლიის სანაპირო ზოლი, უფრო მეტად მიმზიდველი გახდეს. სწორედ ამან განაპირობა, რომ ეს კონკრეტული ობიექტი, რაც სანაპირო ზოლზე მდებარეობს, იყოს ლამაზი, კეთილმოწყობილი, რაც, თავისთავად, დამატებით მოიზიდავს ტურისტებს და შემოსავალი იქნება ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ამან განაპირობა ამ შენობის რეაბილიტაცია. მე არ ვამბობ, რომ ჩენ ახლა კაფე-რეტორნები უნდა გავაკეთოთ, მაგრამ ის, რაც იყო, ის უნდა იყოს სრულყოფილი“.
ფარულავა „არასწორ ინტერპრეტაციას“ უწოდებს შეკითხვას იმაზე, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვა ბევრი რამ არის გასაკეთებელი და რატომ გადაწყდა, რომ რესტორნისთვის უნდა იხარჯებოდეს ბიუჯეტის თანხები.
„თქვენ იცით, ჩვენს მუნიციპალიტეტში რამდენი პროექტი ხორციელდება და რა თანხები იხარჯება ინფრასტრუქტურულ პროექტებზე? ჩვენთან ახლა დაახლოებით 18 მილიონამდე იხარჯება, მაგალითად, სოფლის გზების რეაბილიტაციაზე. პირველი ეტაპი დასრულებულია, ძალიან მალე დაიწყება მეორე ეტაპი. ამის გარდა, გზები ქალაქშიც კეთდება და დახლოებით, 50 მილიონზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება მუნიციპალიტეტის მასშტაბით. ასე რომ, მარტო კაფე-რესტორანზე იხარჯება თანხა,ეს არასწორი ინტერპრეტაცია იქნება,“- აღნიშნავს ზუგდიდის მერის მოადგილე.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ 2012 წლამდე ამ კაფე-რესტორნის მშენებლობა სახელმწიფოს, რამდენიმე მილიონი ლარი დაუჯდა, შემდეგ ის შეწყდა და „ბევრი რამ გაფუჭდა“, ამიტომ ყველაფერი წყალში რომ არ ჩაყრილიყო, გადაწყდა, რომ 2 მილიონი დაიხარჯოს რეაბილიტაციისთვის და შემდგომ ინვესტორების დაინტერესებაც მოხდეს.
„ამ პროექტის გაკეთების მიზანი არის ის, რომ თავის დროზე ამ კაფე-რესტორნის მშენებლობაზე დახარჯულია დიდი თანხა და ეს თანხა წყალში არ უნდა ჩაიყაროს. 2012 წლამდეა ეს პროექტი დაწყებული. შემდეგ შეწყდა, გაფუჭდა ბევრი რამ, იერ-სახესაც ამახინჯებდა, ვერ გაიყიდა იმ სახით, როგორითაც იყო. არავინ დაინტერესდა და ისიც წყალში იყრებოდა, რაც დახარჯული იყო. ასევე, დაზიანებული იყო გარშემო ინფრასტრუქტურაც. ახლა არის გადაწყვეტილება, რომ ირგვლივ გზაც გაკეთდეს, რა ინფრასტრუქტურაცაა საჭირო, ისიც, ეს შენობაც გარემონტდეს იმისათვის, რომ მერე დაინტერესდნენ პოტენციური ინვესტორები და შემდეგ გაიყიდოს,“- განუცხადეს droa.ge-ს სამინისტროს პრეს-სამსახურში.
საგულისხმოა, ის, რომ სწორედ ამ კაფე-რესტორნის მშენებლობის დასრულება-რეაბილიტაციას ითხოვდა 2013 წელს იმდროინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მაშინ ინფრასტრუქტურის სამინიტრომ უარი თქვა. სამინისტროს მაშინდელ განცხადებაში ვკითხულობთ – „რაც შეეხება ანაკლიაში სასტუმროების მშენებლობას, არაერთხელ გვითქვამს და ახლაც მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ ეს არ არის სახელმწიფოს ფუნქცია. საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს, სახელმწიფომ ბიუჯეტის ხარჯზე აშენოს სასტუმროები და კაფეები და ამაში ათეულ მილიონობით ლარი გაფლანგოს ისე, როგორც ამას წინა ხელისუფლება აკეთებდა“.
სწორედ 2013 წელს ზუგდიდის მაშინდელ გამგეობას რეკომენდაცია მიეცა, რომ მის საკუთრებაში არსებული კაფე-რესტორანი გაესხვისებინა. იგივე გადაწყდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასტუმროზეც.
შეკითხვაზე, თუკი 2013 წელს სახელმწიფოს საქმე არ იყო რესტორნების რეაბილიტაცია და ეს ფლანგვად ჩაითვალა, რა შეიცვალა ახლა? ამჯერად სამინისტროში თქვეს, რომ ერთი – იმ დროს უწყებას სხვა ხელმძღვანელი ჰყავდა, მეორეც – ლოგიკურად, 20 მილიონის წყალში გადაყრას სჯობს თანხის დამატება და ობიექტის რეაბილიტაცია ისე, რომ ინვესტორები დაინტერესდნენ. ის, რომ მაშინ სამინისტროს სხვა ხელმძღვანელობდა, წესით, გადაწყვეტილებებზე არ უნდა მოქმედებდეს, რადგან მაშინაც და ახლაც ხელისუფლებაში ერთი პოლიტიკური გუნდია, ხოლო ინფრასტრუქტურის ამჟამინდელი მინისტრი 2013 წელს იმ მთავრობის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა, რომლის შემადგენლობაში მაშინდელი მინისტრიც შედიოდა.
„ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, ალბათ, 20 მილიონის წყალში გადაყრას სჯობს, დაამატო რაღაც თანხა და გახადო ისეთი ობიექტი, რომლითაც ინვესტორები დაინტერესდებიან და შემოსავალი შემოვა ბიუჯეტში. ისე არ იქნება, რომ გვექნება რესტორანი, რომელსაც სახელმწიფო მართავს. რა თქმა უნდა, ინვესტორების დასაინტერესებლად კეთდება, აბა სახელმწიფოს მართვაში რესტორანი რატომ უნდა იყოს?“- განაცხადეს სამინისტროს პრეს–სამსახურში.
რეაბილიტაციის შემდეგ კაფე-რესტორნის გაყიდვის გადაწყვეტილების არსებობას არ ადასტურებს ზუგდიდის მერის მოადგილე.
როგორც გიგა ფარულავა ამბობს, ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი, ეს კაფე-რესტორანი ისევ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში დარჩება, თუ გასხვისდება.
„ჩვენ ახლა ვსაუბრობთ იმაზე, რომ სანაპირო ზოლი უნდა განვითარდეს. ხოლო შემდგომ როგორ განვითარდება კონკრეტულად ამ ობიექტის ოპერირება, ეს უკვე შემდგომი პერსპექტივებია, როგორც ამას მუნიციპალიტეტი გადაწყვეტს. მუნიციპალიტეტისთვის, ასევე, ტურისტული ზონისთვის, რაც უფრო სასიკეთო იქნება, ისე გადავწყვეტთ. ახლა ეს კეთდება იმისთვის, რომ სანაპირო ზოლი განვითარდეს და ანაკლიას უფრო მეტი ფუნქციური დატვირთვა მიეცეს ტურიზმის მხრივ,“– აცხადებს ფარულავა.
ამასობაში, ალბათ, ურიგო არ იქნება, გაგვეხსენებინა, რა ერქვა იმ ქვეყანას, რომელსაც ყველაფერი, მათ შორის, ე.წ. საზკვების ობიექტები სახელმწიფო საკუთრებაში ჰქონდა – საბჭოთა კავშირი, რომელსაც 30 წლის წინათ დავემშვიდობეთ. ყოველ შემთხვევაში, ისტორია ამას გვეუბნება, კალენდარზე XXI საუკუნეა, საქართველოში კი დიდი ხანია, აღარაა ის დრო, როცა ამგვარი ობიექტების საკუთრების ფორმა სახელმწიფოს კუთვნილება წარმოადგენდა.
წყარო: droa.ge