კახა კალაძე: ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის“ პროექტზე შეთანხმება მიღწეულია და ტერიტორია დაუბრუნდება ვაკის პარკს
სასტუმრო „ბუდაპეშტის“ პროექტზე შეთანხმება მიღწეულია, კომპანიას საკომპენსაციოდ გადავცემთ 2 მლნ 800 ათასი დოლარს და ამის სანაცვლოდ ტერიტორია დაუბრუნდება ვაკის პარკს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ყველას ახსოვს სასტუმრო „ბუდაპეშტის“ პროექტი, რომელიც უშუალოდ ვაკის პარკში უნდა აშენებულიყო და ისიც გახსოვთ, რომ ჩვენ ეს მშენებლობა არ დავუშვით. ეს არის 2800 კვმ ფართობი, რომელიც პრივატიზებულია 1998 წელს და რომელზეც 2013 წელს გიგი უგულავამ, თბილისის მაშინდელმა მერმა გასცა სპეციალური ზონალური შეთანხმება ამ ტერიტორიაზე მრავალსართულიანი შენობის მშენებლობის თაობაზე. ამავე წელს, მანვე შეითანხმა სამშენებლო პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა შვიდი თუ რვა სართულიანი სასტუმროს მშენებლობას.
ვაკის პარკი არის რეკრეაციული სივრცე, პარკი, რომელსაც ძალიან ბევრი ადამიანი იყენებს და ასეთი პროექტი კატეგორიულად მიუღებელია. ამ პროექტის წინააღმდეგი გახლდათ მთელი თბილისი, ვისაც უყვარს თბილისი, უყვარს ვაკის პარკი და ესმის ქალაქში რეკრეაციული სივრცეების შენარჩუნების მნიშვნელობა. მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ ამისთვის. მე, როცა 2017 წელს თბილისის მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დამიჭირა და ამირჩია მაშინვე განვაცხადეთ, რომ ეს პროექტი არ და ვერ განხორციელდებოდა ვაკის პარკში. შესაბამისად, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ვაწარმოებთ კომპანიასთან მოლაპარაკებები და მნიშვნელოვანი სამუშაო გავწიეთ, რომ რაღაცისთვის მიგვეღწია შეთანხმების სახით. პირველადი შემოთავაზებული საკომპენსაციო ოდენობა გახლდათ 5 მილიონ 700 ათასი დოლარი რომელსაც კომპანია ითხოვდა მიწის სანაცვლოდ.
მოლაპარაკებები დასრულდა და მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ შეთანხმება მიღწეულია. დღეს მთავრობის სხდომაზე განვიხილავთ და მივიღებთ გადაწყვეტილებას აღნიშნული ნაკვეთის ადგილმონაცვლეობასთან დაკავშირებით. ნაკვეთის ღირებულება, რომელსაც ამ კომპანიას საკომპენსაციოდ გადავცემთ, არის 2 მლნ 800 ათასი დოლარი, დაახლოებით 3 მლნ დოლარით ნაკლები, რაც თავიდან იყო მოთხოვნილი და ამის სანაცვლოდ ტერიტორია დაუბრუნდება ვაკის პარკს.
მინდა, დავავალო ანდრია ბასილაიას, რომ მიიღოს შესაბამისი ზომები ვაკის პარკის აღნიშნული ტერიტორიის მოსაწესრიგებლად. იქ კატლავანია ამოღებული, ღობეებია მოწყობილი. მოვაწესრიგოთ ეს ტერიტორია და ვაქციოთ ისევ ვაკის პარკის ნაწილად“, - განაცხადა კალაძემ.
imedinews.ge