კახეთში GITA-ს 30 000 და 100 000 ლარიანი საგრანტო პროგრამის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 30 000 ლარიანი და 100 000 ლარიანი საგრანტო პროგრამების გამარჯვებულები კახეთის რეგიონში გამოვლინდნენ.
30 000 ლარიან საგრანტო კონკურსში ორმა სტარტაპმა გაიმარჯვა. მათგან ერთ-ერთია ციფრული პლატფორმა სასკოლო ლანჩი / School Box. აპლიკაცია თელავიდან სკოლის მოსწავლეებისთვის ჯანსაღი კვების ,,ლანჩ-ბოქსების" ონლაინ შეკვეთის, მომზადებისა და მიწოდების ინოვაციურ სერვისს გულისხმობს
30 000 ათას ლარიანი დაფინანსება მოიპოვ სტარტაპმა სა-და. პროექტი სასაფლავების დასუფთავების გამარტივებული სერვისის გაციფრულებას და მთელი ქვეყნის მასშტაბით დანერგვას გულისხმობს. GITA-ს ინფორმაციით, ციფრული ვებ-პლატფორმა იმ ადამიანებისთვის შეიქმნა, ვისაც სურს ახლობლების საფლავები მუდმივად მოვლილი ჰქონდეს და ამასთან ვერ ახერხებენ მათზე ზრუნვას სხვადასხვა მიზეზის გამო.
რაც შეეხება 100 000 ლარიან საგრანტო კონკურსს, მისი გამარჯვებული ასევე ორი კომპანია გახდა.
პირველი მათგანია Art Winery - ღვინის ციფრული მუზეუმი. ინოვაციური სივრცე თელავში მდებარეობს. თანამედროვე ტექნოლოგიების, კონკრეტულად კი ჰოლოგრამების გამოყენებით ტურისტებს შესაძლებლობა ექნებათ იმოგზაურონ მეღვინეობის 8000 წლიან ისტორიაში და ამავდროულად, მიიღონ ესთეტიური სიამოვნება ღვინის ნარჩენი მასალის გამოყენებით ხელოვნების ნიმუშების შექმნის პროცესში.
მეორე გამარკვებული სტარტაპი სუსნეა. ტრადიციული ქართული ჩურჩხელის რეცეპტის დახვეწით და ინოვაციური დამზადების მეთოდით მიღებული სრულიად ახალი ტიპის ჯანსაღი ენერგეტიკული one-bite სნექი წნორში მზადდება. სუსნი გლობალურად ჯანსაღი სნექების მზარდ ინდუსტრიაში ადგილობრივ, ამერიკულ, ევროპულ და სხვა საერთაშორისო ბაზრებზე ჩურჩხელის შეცვლილი ფორმით წარდგენას გულისხმობს.
ცნობისთვის, პროგრამა ევროკავშირის საგრანტო დაფინანსებით, „2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში საქართველოს ოთხ რეგიონში (იმერეთი, კახეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი) ხორციელდება. ერთიანი რეგიონული განვითარების პოლიტიკისა და ევროკავშირის ტერიტორიული დაგეგმვის უახლესი მიდგომების შესაბამისად, პროექტის მიზანია, რეგიონული სამეწარმეო ინოვაციური ეკოსისტემის განვითარება, ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება და ჩართვა ქვეყნის ეკონომიკაში.
business-partner.ge