ერთი მოტივაციური ჰეშთეგით დაწყებული მასშტაბური კამპანია ქართული ტურიზმის პოპულარიზაციისთვის და ერთი იდეის ირგვლივ გაერთიანებული უკვე 280 000 ადამიანი – #SpendYourSummerInGeorgia გრძელდება. ამჯერად სოციალურ ქსელში ყველაზე ცნობილი კამპანია სამოქმედო არეალს აფართოებს, კამპანიის ორგანიზატორები ახალი ვებგვერდის შექმნას გეგმავენ, რომელიც სექტემბრიდან ყველა დაინტერესებულ უცხოელსა თუ ქართველს საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ მდგრად ორგანიზებულ პლატფორმას შესთავაზებს.
„გაატარე ზაფხული საქართველოში“-ს ორგანიზატორმა მარი ჯობავამ „კომერსანტთან“ კამპანიის განვითარებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. როგორც ჯობავა აღნიშნავს კერძო სექტორის მხარდაჭერა ამ კამპანიის სასარგებლოდ იმაზე დიდი და მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ვიდრე ორგანიზატორები ელოდნენ.
„უკვე მეორე თვეა, რაც ეს კამპანია მიმდინარეობს და აბსოლუტურად მოხალისეობრივად წარვუძღვებით მას 5 ადამიანი. ძირითადად კერძო სექტორის კონტრიბუცია და მათი მონაწილეობა გვეხმარება, ასევე ის ადამიანები ვინ მოდერატორობაში არიან ჩართულები. სხვადასხვა ფესტივალებმა უფასო ბილეთები გამოყვეს კამპანიის სასარგებლოდ, საქართველოს ბანკმა პლატფორმა შეგვიქმნა, სადაც შესაძლებელია პერსონალიზებული ვიდეოს შექმნა და უცხოელი მეგობრის საქართველოში მოწვევა. გამოჩნდენ კომპანიები, რომლებმაც უფასოდ გამოთქვეს ფლაერების დაბეჭდვის მზაობა, თითქმის საყოველთაო მობილიზება მოხდა.
ბუნებრივია, ვიაზრებთ და რეალურადაც ვხედავთ იმას, რომ შეუძლებელია მსგავსი ტიპის პლატფომის შენარჩუნება ხანგრძლივ პერსპექტივაში მოხალისეობრივად იმიტომ, რომ ბევრი საჭიროება აქვს ჯგუფს და ამ კამპანიასაც სჭირდება თავისი რესურსი, რომელიც უფრო მდგრადი იქნება. სექტემბრიდან ვებგვერდის შექმნას ვგეგმავთ რადგან, სოციალური ქსელი არ გვაძლევს რეალურად იმის საშუალებას, რომ მთელი ეს ინფორმაცია გარკვეული ფორმით იყოს ხელმისაწვდომი და გამარტივდეს საძიებო სისტემა. ეს იდეა ჯერ არ გაგვიჟღერებია ასე ღიად, რადგან მიმდინარე პროცესია და ჩვენც გვინდა, რომ უფრო ნათლად ჩამოვყალიბდეთ როგორი ფორმით და რა იქნება წარმოდგენილი მასში, თუმცა მზად ვართ მივიღოთ მხარდაჭერა კამპანიის განსავითარებლად.“ –აღნიშნა მარი ჯობავამ.
რუსეთის მხრიდან ფრენების აკრძალვის შემდეგ დაწყებული აქტიური კამპანია, მიზნად ისახავდა ქვეყანაში უცხოელი ტურისტების მოზიდვას, რადგან ამ პერიოდში არა მარტო რუსი, არამედ უცხოელი ტურისტების მხრიდანაც დაფიქსირდა ჯავშნების გაუქმების ფაქტები უსაფრთხოების მიზნით. კამპანიის ინიციატორთა ჯგუფს მარიამ გუჯაბიძე; მარი ჯობავა; ნინი ნოღაშვილი; ქეთა გოლეთიანი; ნინი მჭედლიშვილი წარმოადგენენ.
„პირველად დავწერეთ სტატუსი და მოვუწოდებდით ჩვენს მეგობრებს , რომ გამოეყენებინათ ჰეშთეგი#spendYourSummerInGeorgia და გაზიარებინათ საქართველოსთან დაკავშირებული პრომოვიდეომასალა, რომლითაც უზრუნველვყოფდით ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას. ამის შემდეგ, როდესაც შევატყვე, რომ გადაზიარებები დაიწყეს და იყო საჭიროება იმის, რომ ერთიანი სოციალური კამპანია დაწყებულიყო, დავუკავშირდი ჩემს მეგობრებს და 5-მა გოგომ გადავზარდეთ ეს ინიციატივა კამპანიაში. შევქმენით ჯგუფი,facebook page, instagram-ი და დავიწყეთ ამ ჯგუფის შესაბამისი მნიშვნელობით დატვირთვა. მთავარი მიზანი , რაც გვინდოდა , რომ კამპანიას და ჯგუფს ჰქონოდა, იყო ქვეყნის შესახებ ინფორმაციის გაზიარება და საინფორმაცო ჰაბის შექმნა უცხოელი ტურისტებისთვის.“-ამბობს მარი ჯობავა
Commersant.ge