ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ქართული ღვინო უკრაინაში ისევ აქტიურად იყიდება - „თელიანი ველის" კიევის ოფისმა მუშაობა განაახლა
12 ოქტომბერი, 2022

ქართული ღვინის კომპანიები უკრაინის ბაზარზე აქტიურად ბრუნდებიან. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ „თელიანი ველის“ კომერციულმა დირექტორმა, ირაკლი ბოკუჩავამ განუცხადა, ამჟამად, უკრაინის ბაზარი ძალიან შემცირებულია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ზაფხულიდან გადაზიდვები განახლდა.

„უკრაინაში ვიყავით წარმოდგენილები, გვქონდა და გვაქვს ჩვენი წარმომადგენლობა. ომის დაწყების პერიოდში, ცხადია, ძალიან რთული იყო იქ ოპერირება. ჩვენი უკრაინელი თანამშრომლები მუშაობის დისტაციურ რეჟიმზე გადავიდნენ, თუმცა, ახლა ყველა დაბრუნდა ჩვენს სათავო ოფისში, კიევში და ვაგრძელებთ აქტიურ სამუშაო რეჟიმს. ბაზარი შემცირებულია, მაგრამ გვიხარია, რომ ვაჭრობა ისევ მიმდინარეობს და ადგილობრივი მოსახლეობაც მოიხმარს პროდუქციას“, - აღნიშნა ირაკლი ბოკუჩავამ. მისივე ინფორმაციით, „თელიანი ველი“  ამჟამად, მსოფლიოს 25 ბაზარზეა წარმოდენილი. კომპანიის საექსპორტო ბაზრებს წელს შვედეთი და ყატარი დაემატა. ამასთან, „თელიანი ველი“ ცდილობს, გაზარდოს გაყიდვები ისეთ ბაზრებზე როგორებიცაა, აშშ, დიდი ბრიტანეთი და გერმანია.

უკრაინის ბაზარზე დაბრუნებასთან დაკავშირებით, „ბიზნესპარტნიორთან“ კიდევ ერთი მეღვინეობა - „ჯივიესი“ საუბრობს.  კომპანიის ბრენდ მენეჯერი სალომე დოლიძე ამბობს, რომ რუსეთ-უკრაინის ომს მათ რეალიზაციაზე დიდი გავლენა არ ჰქონია, ვინაიდან, „ჯივიესს“ საექსპორტო ბაზრები დივერსიფიცირებული აქვს და რუსეთზე დამოკიდებული არასდროს ყოფილა. „რაც შეეხება უკრაინას, ამ ბაზარზე ვიყავით და ვართ წარმოდგენილები. იქ  გვყავს ჩვენი პარტნიორი კომპანია, ერთი გუნდი ვართ და ვაგრძელებთ მუშაობას. ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბაზარია უკრაინა ჩვენთვის და ისევ ხორციელდება ექსპორტი აქ, ამ ვითარებაშიც კი“, - ამბობს სალომე დოლიძე.  

ცნობისთვის, მეღვინეობა „ჯივიესის“ პროდუქტია ამჟამად მსოფლიოს 22 ქვეყანაში იყიდება.

business-partner.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.