ხის კასრ-საუნები და ჯაკუზები საქართველოში კოტეჯების მფლობელებისთვის ახალი და უცხო ტრენდია. საქართველოში ერთადერთი საწარმოა, რომელიც ხის მინი საუნებსა და ჯაკუზებს მსგავსი ობიექტებისთვის ამზადებს. M&k group-ი 1 წლის წინ შეიქმნა და კოტეჯებთან ერთად აპროექტებს და რუსეთიდან ჩამოტანილი ძვირადღირებული კედრისგან კასრის ფორმის საუნებს აწარმოებს. „კომერსანტი“ ქარხნის დამფუძნებელს დავით მუხათგვერდელს ესაუბრა, რომელიც განმარტავს, რომ დღეს კოტეჯების მფლობელები ხის აუზითა და კასრ-საუნის მეშვეობით ახერხებენ ობიექტის გასაქირავებელი ფასი გაახუთმაგონ.
„პირველები ვართ, ვინც კასრ- საუნებისა და ხის ჯაკუზების წარმოება დაიწყო. კომპანია ერთი წელია შეიქმნა - ვამზადებთ საუნებს, ფინურს, თურქულ საუნებსაც, რომელსაც ჰამამს ეძახიან. კასრის საუნები ჩვენი დაპროექტებულია და საკმაოდ დიდი მოწონებით სარგებლობს. ბოლოს ქედის რაონში სოფელ დანდალოში დავდგით მსგავსი ტიპის საუნები.
ვინც საკუთარ ობიექტს ბიზნეს დატვირთვას აძლევს და მიწებზე კოტეჯის დადგმას გადაწყვეტს, იციან, რომ კასრი-საუნა და ხის ჯაკუზი მათი კოტეჯის ფასს გაახუთმაგებს. აქამდე თუ ვინმე კოტეჯს 150 ლარად აქირავებდა კასრის საუნის და ხის ჯაკუზის შემდეგ, უკვე 450 ლარად აქირავებს დღეში, რადგან უფრო მიმზიდველია.
საუნები და ჯაკუზები კედარის ხისგან მზადდება, რომელიც მხოლოდ რუსეთში იყიდება და საკმაოდ ძვირადღირებული მასალაა. დიდი შრომა დასჭირდა იმას, რომ ხალხი დაგვეინტერესებინა. ვირუსის გამო ხალხი ერიდება დიდ სასტუმროებში შესვლას- ერთი ოჯახი ქირაობს და სხვასთან შეხება არ აქვთ, კოტეჯებს თუ საუნაც აქვს, სრული პაკეტი გამოდის,“ - განმარტავს ბიზნესმენი.
3 მეტრის სიმაღლის კასრ-საუნის ფასი სრული აღჭურვილობით 5000 დოლარის ექვივალნტი ღიტს. ხის ჯაკუზების ფასი კი 6000 ლარამდეა. კომპანიას ამჟამად ორი ქარხანა აქვს - ჟინვალსა და მახათას მთაზე. საწარმოში რამდენიმე ბრიგადაა დასაქმებული და უახლოეს მომავალში საქმიანობის გაფართოებასაც გეგმავენ.
„თავიდან ბიზნესისთვის რამე ინვესტიცია არ გამოგვიყენებია, ჩვენი არსებული რესურსით დავიწყეთ ერთი პროდუქტი, მერე გაჩნდა მოთხოვნა და მასალების შეძენის საჭიროებაც. ფაქტიურად უფულოდ დავიწყეთ მუშაობა.
ხესთან მუშაობა ძალიან მოგვწონს და გვსიამოვნებს, ძალიან მოვერგეთ და სუფთა საქმეა. მყავს პარტნიორი და ყველაფერი სრულად ქართული ინვესტიციით კეთდება. საქმიდან გამომდინრე დან 7 ან 8 ბრიგადა მყავს დასაქმებული, ხან ნაკლები,“ - ამბობს დავით მუხათგვერდელი.
commersant.ge