„ვიცით, რომ მშენებლობა ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა ეკონომიკური თვალსაზრისით, თუმცა არის კიდევ ის სექტორები, რომელიც ძალიან სწრაფად ვითარდება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ „Deloitte საქართველოს“ მიერ თბილისის საინვესტიციო პოტენციალის სექტორული კვლევის წარდგენის შემდეგ განაცხადა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, აქტიურ სექტორებში გამოიკვეთა ფარმაცევტული მიმართულება და ტურიზმი, მაგრამ მისი განმარტებით გამოწვევები ტურიზმის სექტორშიც არის.
„გამოწვევა არის ის, რომ ტურისტი ერთი ორი დღე ჩერდება თბილისში და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ პირველი – სერვისის თვალსაზრისით და მეორე – ინფრასტრუქტურული განვითარების თვალსაზრისით. საჭიროა, ახალი სასტუმროები, ახალი ჰოსტელები, მომსახურე პერსონალის გადამზადება, მათი კვალიფიკაციის ამაღლება; ასევე, საჭიროა ისეთი ატრაქციების და ინფრასტრუქტურის შექმნა, რომ ჩამოსული ტურისტი 4-5 დღე დარჩეს და უფრო მეტი თანხა დახარჯოს თბილისში, საქართველოში. ეს ჩვენ დამატებით შესაძლებლობას მოგვცემს, რომ ბიუჯეტში მეტი თანხები შემოვა და უფრო მეტი საინტერესო პროექტი განხორციელდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, კომპანია „Deloitte საქართველომ“ თბილისის საინვესტიციო პოტენციალის სექტორული კვლევა წარადგინა.
კვლევა მოიცავს თბილისის მიმდინარე ეკონომიკურ მიმოხილვას, არსებული სექტორების შეფასებას, საინვესტიციოდ პრიორიტეტული სექტორების იდენტიფიცირებას და ანალიზს.
კვლევის მიხედვით, პრიორიტეტი მიენიჭა სტუმარ-მასპინძლობის, ჯანდაცვის, გართობისა და ვაჭრობის, ფარმაცევტულ და კრეატიულ სექტორებს. იდენტიფიცირებული სექტორების მიხედვით მომზადდა დეტალური რეკომენდაციები ინვესტორებისა და თბილისის მერიის სამომავლო თანამშრომლობისთვის, რაც მოიცავს სექტორში ინვესტირების ალტერნატიულ შესაძლებლობებს და მუნიციპალიტეტის მხრიდან მხარდამჭერ ღონისძიებებს.