კახა კალაძე: ვერ დავუშვებთ ღია კაფეების თვითნებურად მოწყობის გამო ქალაქის დამახინჯებას
თბილისის მერია ღია კაფეების თვითნებურად მოწყობის გამო ქალაქის იერ-სახის დამახინჯებას არ დაუშვებს.
„ვერ დავუშვებთ ღია კაფეების თვითნებურად მოწყობას. მათი დიდი ნაწილი ქალაქის იერსახეს ამახინჯებს და ტროტუარებზე გადაადგილება შეუძლებელი ხდება. არაფერს ვამბობ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე და ეტლით მოსარგებლე ადამიანებზე“, - განაცხადა კახა კალაძემ და თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს ღია კაფე-ბარების მესაკუთრეებთან აქტიური კომუნიკაცია დაავალა, რათა მათ შესაბამისი დოკუმენტაცია მოაწესრიგონ.
მერის თქმით, დაინტერესებულმა პირებმა ნებართვებისთვის მერიის ქონების მართვის სააგენტოსა და არქიტექტურის სამსახურს უნდა მიმართონ.
„ჩვენი მხრიდან მხოლოდ და მხოლოდ ხელშეწყობა და თანადგომა იქნება, რომ ეს ბიზნესი განვითარდეს, მაგრამ ყველაფერი კანონის ფარგლებში უნდა იყოს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
www.travelingeorgia.ge