ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
კახეთში მალე კიდევ ერთი ახალი სასტუმრო „შატო ართ ვაინი“ გაიხსნება
07 ივნისი, 2021

24-25 ივნისს კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანაში ახალი სასტუმრო „შატო ართ ვაინი“ გაიხსნება.

სასტუმრო კომპლექსი ვენახებისა და მთების შუაგულში 3 500 მ2-ზეა გაშლილი. მისი კონცეფცია ქართული ტრადიციული სამზარეულოს და ღვინის წარმოების ისტორიას აერთიანებს, რომელიც თანამედროვე ინტერიერში ინტეგრირდება. 32-ნომრიანი სასტუმრო მარანს, რესტორანს, ტერასას, ბარს, მაღალტექნოლოგიურად აღჭურვილ საკონფერენციო დარბაზს, ღია საცურაო აუზს და საუნას აერთიანებს. ნომრის ღირებულება კი საუზმით ორ პერსონაზე საშუალოდ 240-360 ლარამდე განისაზღვრება.



როგორც BM.GE-ის სასტუმროს მმართველ კომპანია „ფლიქს ჯგუფში“ განუცხადეს, ტერიტორიაზე უნიკალური ღვინო „შატო ართ ვაინი“ იწარმოება, რომელიც ექსკლუზიურად სასტუმროს დამსვენებლებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

„შატო ართ ვაინის" მთავარი მიზანი სტუმარ-მასპინძლობის მაღალი სტანდარტებისა და ქართული ტრადიციების დაცვაა. სწორედ ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მაღალი ხარისხის, ჯანსაღი, ქართული პროდუქტების შერჩევას და უნიკალური გემოების შეთავაზებას სტუმრებისთვის“, - აცხადებენ „ფლიქს ჯგუფში“.



სასტუმროს მმართველ კომპანიაში სასტუმროს ამოქმედებისთვის ჩადებულ ინვესტიციებზე ვერ საუბრობენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ პროექტის სამშენებლო სამუშაოები 2019 წლის ბოლოს დაიწყო და პანდემიის მიუხედავად დაგეგმილ ვადებში დასრულდა. მათივე ინფორმაციით, სასტუმროში პირველ ეტაპზე 50-მდე ადამიანია დასაქმებული.

„სასტუმრო როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო ტურისტებზეა გათვლილი, კონცეფციაც ორივე სეგმენტზეა მორგებული. მიმდინარე სიტუაციის გათვალისწინებით საერთაშორისო ტურიზმიდან პირველ ეტაპზე მეზობელი ქვეყნებიდან შემოსულ ტურისტებს ველით, თუმცა ამ ეტაპზე უფრო დიდი აქცენტი ქართველ დამსვენებელზე გვაქვს“, - უთხრა BM.GE-ის „ფლიქს ჯგუფის" მარკეტინგის კონსულტანტმა მარიამ ტყაბლაძემ.


ცნობისთვის: “ფლიქს ჯგუფი“ სასტუმროების მენეჯმენტისა და კონსალთინგის კომპანიაა, რომელიც ამ ეტაპზე ხუთ სასტუმროს მართავს. დამკვეთებს კომპანიის ისეთი სერვისებით სარგებლობაც შეუძლიათ, როგორიცაა: სასტუმროს გახსნის წინა გეგმის შედგენა; ოპერაციების მენეჯმენტი; მარკეტინგი და გაყიდვები; HR მენეჯმენტი - კვალიფიციური კადრების შერჩევა და მონიტორინგი; სოციალური ქსელების მართვა; ტრენინგები და მასტერკლასები.



bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.