კახეთში ვერ ვნახულობთ კვალიფიციურ ხელოსნებს, რაც მშენებლობების დასრულების ვადებს ზრდის - როგორ მიმდინარეობს winevillage-ის პროექტი
რეგიონების მდგრადი განვითარების მიზნით სხვადასხვა კუთხეში არაერთი საინტერესო პროექტის განხორციელება იგეგმება. როგორც პროექტების იდეის ავტორმა გიორგი ბეგაძემ „კომერსანტთან“ საუბარში განაცხადა, საგურამოსთან Ecovilla-ს და ყვარელში ღვინის სოფლის winevillage-ის პროექტების განხორციელება აქტიურ ფაზაშია და გაზაფხულისთვის მნიშვნელოვანი ნაწილის დასრულება იგეგმება.
ბეგაძე კვალიფიციური ხელოსნების დეფიციტზე საუბრობს და აცხადებს, რომ ამან გარკვეულწილად გაახანგრძლივა მშენებლობის ვადები.
„გაზაფხულისთვის ორივე პროექტის შემთხვევაში ინფრასტრუქტურის და საერთო სივრცის მოწყობა დასრულდება და შემდეგ გაყიდვებსაც განვაახლებთ.
„ღვინის სოფელში“ კადრების მნიშვნელოვანი დეფიციტი შეიქმნა, მაგალითად კახეთში ვერ ვნახულობთ კვალიფიციურ ხელოსნებს, რაც მშენებლობების დასრულების ვადებს ზრდის. ამ ეტაპზე 7 ეთნო-სახლია დასრულებული. ის ქინძმარაულის ზონაში − უნიკალურ ეგზოტიკურ გარემოში მდებარეობს, რომელიც 4.5 ჰექტარზეა.
რაც შეეხება „ეკოვილას“, იქ მშენებლობის უფლება ყველა ნაკვეთზეა გაცემული, ელექტროენერგია და წყალი ყველა ნაკვეთანაა, ამჟამად გაზიფიცირება მიმდინარეობს, რომელიც რეგულაციის ზონაშია, თუმცა სამწუხაროდ კომპანია ვადებს მნიშვნელოვნად გასცდა და ეს საკითხი დროში გაიწელა. პროექტი საგურამოსთან ხორციელდება და გულისხმობს რეალურად ეკო-გარემოს შექმნას ტყის გარემოცვაში საცხოვრებელი დასახლებისთვის. ქუჩა უკვე განათდა მზის ენერგიის სანათებით, ყველა სახლის სახურავზე მოეწყობა მზის პანელები, დამონტაჟდება ელექტრომანქანების დასამუხტები, მესაკუთრეებს ექნებათ ეკოპროდუქციის შინ მიღების შესაძლებლობა“, - აღნიშნავს გიორგი ბეგაძე.
ფოტო: www.tasteatlas.com
commersant.ge