ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
კახეთში წელს 3 ახალი სასტუმრო გაიხსნება
18 აპრილი, 2017

გასულ წელს კახეთს მილიონი ვიზიტორი ეწვია. კახეთის გუბერნატორის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, „კახეთი საქართველოს ტურისტულ რუკაზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი ხდება“ და სწორედ ამიტომ მისი როგორც ცალკე ტურისტული რეგიონის განვითარებისთვის ხელისუფლება სპეციალურ კონცეფციაზე მუშაობს. 

"მარტო თელავში წლის განმავლობაში სამი სასტუმროს რეაბილიტაცია და მწყობრში ჩადგომა მოხდება. მაგალითად, თელავის "ინტურისტის". კონკრეტული გადაწყვეტილებები მიღებულია, ინვესტორს შესაბამისი რესურსი გააჩნია და ამ სასტუმროს ოპერატორი კომპანია Golden Tulip-ი იქნება. თელავში არსებული მეორე ისტორიული სასტუმროს ’’კახეთი“ რეაბილიტაციაც დაიწყება, აქაც ყველა პროცედურა გავლილია და სამშენებლო სამუშაოებზე გადადიან. იქვე მესამე ახალი სასტუმრო შენდება. 

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა დასუფთავებაა. დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა ორგანოსთვის მთავარი ამოცანა სწორედ ეს არის, რომ დასუფთავების საკითხი სისტემურად გადავწყვიტოთ. უპირველესად, სტიქიური ნაგავსაყრელების თემა ნელ-ნელა უნდა მოვსპოთ. დღეს ფაქტობრივად კახეთის რეგიონის ყველა სოფელში კვირაში ორჯერ გაწერილი გრაფიკის მიხედვით შედის ავტომობილი და ნაგავი გამოაქვს. ამავე დროს, თითოეულ მუნიციპალიტეტს თანამედროვე ტიპის სამი თვითმსვლელი ნაგავმზიდი და 10-დან 130-მდე ურნა გადაეცა. ეს ურნების რაოდენობა, რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის და ვგეგმავთ, რომ კიდევ შევიძინოთ დაახლოებით იგივე რაოდენობის ურნები, რომ სოფლებში ყველა უბანში მოხდეს მათი დამონტაჟება. 

მუნიციპალიტეტებმა თავის თავზე აიღეს გზისპირების დასუფთავება. ჩვენ გავიარეთ ეს საკითხი, მუნიციპალიტეტები სპეციალურ პატარა ავტომობილებს შეიძენენ, რომლებსაც ოპერატიული დასუფთავებისთვის გამოიყენებენ. ლოკაციები განსაზღვრულია და ამ კუთხით მუდმივი დალაგების პროცესი იქნება. ამავე დროს, ახლა ბანერებს დავდგამთ, სადაც თეთრ ფონზე წითელი ასოებით წერია - ’’ნუ დააგვიანებ შენს სამშობლოს!“ მე ყველას მოვუწოდებ, რომ ბუნებას გაუფრთხილდეს. დაჯარიმების რაოდენობა ზოგ ადგილას თითქმის 200%-ით გაიზარდა. დღეს უკანონო ნაგავსაყრელის მოწყობისთვის ან დაბინძურებისთვის უკვე აქტიურად მიმდინარეობს დაჯარიმება, რაც აუცილებელია და ამას თავისი წვლილი ექნება, თუმცა გავიმეორებ, რომ ყველაზე აუცილებელი თვითშეგნების ზრდაა. ამის გარეშე რთული იქნება", - განაცხადა გუბერნატორმა. 

ფოტო: თელავის მერია

WWW.BM.GE


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.