კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტში მდებარე "ლაგვანი მარანი" ღვინოს წარმოებას და სამზარეულოს ასორტიმენტს აფართოებს. როგორც კომპანიის დამფუძნებელი მეწარმე სანათა წიწუაშვილი "ბიზნესპარტნიორთან" განმარტავს, წელს იგეგმება წარმოების ზრდა და ასევე კულინარიული მიმართულების გაფართოება, რომლის ფარგლებშიც სამზარეულოს ასორტიმენტს კახური ავთენტური კერძები დაემატება.
"ახმეტაში ვფლობთ სამ ვენახს და რამდენიმე ჯიშის ყურძნისგან ღვინოს ვაწარმოებთ. ესენია ქვევრის ბიო ღვინოები: რქაწითელი, მწვანე, ქისი, საფერავი და მცვივანი, ცქრიალა ღვინო. ბოლო დროინდელის ტენდენციის მიხედვით, ცქრიალა ღვინო ძალიან საინტერესო და მოთხოვნადია. თუმცა სხვა ღვინოების მიმართაც გვაქვს ზრდა, შესაბამისად, წარმოების ასორტიმენტს რამდენიმე ახალი დასახელების ღვინოს დავამატებთ, მათ შორის, ხიხვს, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო ღვინოა. პარალელურად ვმუშაობთ კულინარიული მიმართულებითაც, რომელიც ძირითადად ტურისტულ ტურებზეა გათვლილი“, - განმარტავს სანათა წიწუაშვილი.
სამზარეულოსთან დაკავშირებით ‘’ლაგვანის მარნის“ დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ შემომყვან ტურებს უწევს მომსახურებას, რის გამოც არჩევანი მთლიანად კახურ კულინარიაზე გაკეთდა.
,,საქართველოს ყველა კუთხის სამზარეულო გამორჩეულია. ჩვენს შემთხვევაში, იქიდან გამომდინარე, რომ მხოლოდ ტუროპერატორებზე ვმუშაობთ და სტუმრები წინასწარ გვიკვეთენ, გვინდა გავაცნოთ მხოლოდ ადგილობრივი, ტრადიციული გასტრონომია, რომ კახეთში ჩამოსულს უშუალოდ ადგილობრივი კერძები დახვდეს. გვაქვს სალათის ასორტი, ხინკალი, ყველი, დამბალხაჭო, ღვინოში მოხარშული ქათამი, ყაურმა, ჩაქაფული და სხვა. ვამატებთ ასორტიმენტს და აქაც ავთენტურობას ექნება უპირატესობა. ძალიან საინტერესოა ცულისპირა, რომლის დამზადების ტრადიცია დიდი ხნის განმავლობაში იყო მივიწყებული. ამ დროს წამყვანი მარცვლეულად ითვლებოდა რეგიონისთვის, რომელიც ლობიოს შემოტანამდე არსებობდა და მისგან პურსაც კი აცხობდნენ. ამასთან, ვატარებთ მასტერკლასებს, რაშიც ვიზიტორები აქტიურად არიან ჩართულები“, - აცხადებს სანათა წიწუაშვილი.
ცნობისთვის, ,,ლაგვანი მარანი 2018 წელს დაფუძნდა. კომპანიის მიერ წარმოებული ღვინოები ,,8000 მოსავალში“ იყიდება, მცირე ნაწილიც პოლონეთსა და აშშ-ში გადის. ‘’ლაგვანის“ ღვინოს წლიური წარმოება 5 000 ბოთლია. წარმოების გაფართოების შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი 30%-ით გაიზრდება.
პროექტის საინვესტიციო ღირებულებას კომპანიის ხელმძღვანელი ჯერჯერობით არ აკონკრეტებს.
bp.ge