ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
"ყაზბეგი ჰელიკოპტერსი": "2018 წლიდან სამაშველო სამსახურის კომერციალიზაციას დავიწყებთ"
07 აგვისტო, 2017

„სამაშველო სამსახურის კომერციალიზაციის დაწყება გვსურს და გვინდა, რომ სადაზღვევო კომპანიებთან ერთად მომხმარებელს გამართული სამაშველო სისტემა შევთავაზოთ.“ - ამის შესახებ „კომერსანტს“ „ყაზბეგი ჰელიკოპტერსის“ დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ვატო ასათაშვილმა განუცხადა.

როგორც ასათაშვილი აცხადებს, კომპანიამ მრავალი ეტაპი გაიარა და ამჟამად დიდი სამომავლო გეგმები აქვს.

-„ყაზბეგი ჰელიკოპტერსი“ დროთა განმავლობაში ცნობადობას იძენს და მისი მომხმარებლების რაოდენობაც მატულობს. უამბეთ „კომერნასტის“ მკითხველს კომპანიის შესახებ. რამდენი წელია, რაც ბაზარზე ოპერირებთ და ამჟამად რა სიახლეებს შესთავაზებს  მომხმარებლებს „ყაზბეგი ჰელიკოპტერსი“?

-ბაზარზე ჩვენ დაახლოებით ექვსი წლის წინ შემოვედით, თუმცა იმ პერიოდში მხოლოდ ზამთრის სეზონზე ვმუშაობდით. წელს პირველი ზაფხულია, როდესაც გადავწყვიტეთ, რომ 12 თვიან ოპერირებაზე გადავიდეთ და ეს საკმაოდ წარმატებულად მუშაობს. ჩვენ ფრანგული წარმოების ვერტმფრენი Eurocopter-ი  ჩამოვიყვანეთ. ჯერ-ჯერობით ეს ყველაფერი სატესტო რეჟიმშია, თუმცა მაინც წარმატებულად მიმდინარეობს მუშაობა. ამ ეტაპზე ბაზა ყაზბეგში გვაქვს. კომპანიაში ზაფხულის სეზონზე 12 ადამიანი გვყავს დასაქმებული, ხოლო ზამთრის სეზონზე თანამშრომელთა რაოდენობა 30-მდე იზრდება. ამჟამად ჩვენ ზაფხულის განმავლობაში მხოლოდ ერთი ვერტმფრენი გვყავს და ზამთრის სეზონზე კიდევ ოთხს დავამატებთ.

-რამდენი მგზავრის გადაყვანას უზრუნველყობს თქვენი ვერტმფრენი და როგორი საფასო პოლიტიკა გაქვთ? 

-ჩვენ ვერტმფრენში ხუთი მგზავრი ეტევა და ის მულტიფუნქციურია. 10 წუთიანი სანახაობრივი ფრენის ღირებულება 1 100 ლარი ღირს. ეს ექსკლუზიური პროდუქტია და ამჟამად ჩვენ ბაზარზე კონკურენტი არ გვყავს. ამ ბიზნესზე მოთხოვნა დიდია და ხუთ სამუშაო დღე თითქმის ყოველთვის სრულად დაჯავშნილია. ჩვენ საქართველოს მასშტაბით ფრენას ნებისმიერი მიმართულებით ვახორციელებთ. ყველაზე გრძელი გაყიდვადი მარშრუტი თბილისი-მესტია და თბილისი-ბათუმია. მაგალითად თბილისი-ბათუმის მიმართულებით ფრენის ღირებულება დაახლოებით 4 000- 4 200-ლარამდე აღწევს. ჩვენ ძირითადად ტურისტული მიმართულებით ვმუშაობთ. გარდა ამისა, სტანდრტული პროდუქტი, რასაც მომხმარებელს ვთავაზობთ ეს ჩარტერული ფრენებია.

-როგორც თქვენ განმარტეთ, კომპანია ძირითადად ტურისტებს ემსახურება. რამდენად მომგებიანია ეს სეგმენტი და ყველაზე მეტი სტუმარი რომელ სეზონზე გყავთ?

- ჩვენი საქმიანობა სპეციფიკურია, ამიტომ ამ შემთხვევაში ტურისტების რაოდენობა იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რამდენადაც მაღალგადამხდელუნარიანი ტურისტი. ჩვენ შემთხვევაში ზამთრის სეზონზე დაახლოებით 150-დან-250-მდე ადამიანი გვსტუმრობს, ხოლო ზაფხულის განმავლობაში მათი რაოდენობა მატულობს. ეს გამოწვეულია იმით, რომ ზაფხულის სეზონზე სტუმრების დაკვეთა უფრო მცირე დროს მოითხოვს, ვიდრე ზამთარში. თუმცა დინამიკას თუ გადავხედავთ, ყოველ წელს ზამთრის სეზონზე 20-25%-იანი ზრდა გვქონდა და ეს  ჩვენი მარკეტინგული აქტივობის დამსახურება იყო.

-თქვენი კომპანია ინოვაციურია, როგორ ფიქრობთ გყავთ თუ არა დღეს ბაზარზე კონკურენტი და კონკრეტულად რითი უწევთ სხვა კომპანიებს კონკურენციას?

-ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენ საქართველოში კონკურენტი არ გვყავს. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში მცირე ავიაცია ფაქტობრივად, ახლა იწყებს მუშაობას, მსგავსი ვერტმფრენი, რაც ჩვენ კომპანიას ჰყავს საქართველოში პირველია. ვფიქრობთ, რომ ჩვენ ბაზარზე ამ პროფილის ერთადერთი კომპანია ვართ, სწორედ ამიტომ რეინვესტირების კუთხით თამამი ნაბიჯების გადადგმა შეგვიძლია.

რაც შეეხება საჰაერო ტრანსპორტს ეს პროდუქტი საქართველოში აუცილებლად განვითარდება, უბრალოდ, ამ ყველაფერს დრო სჭირდება. განვითარდება ისე როგორც ეს მსოფლიოშია. ჯერჯერობით ჩვენთვის სირთულეს წარმოადგენს ის, რომ საქართველოში ეს სფერო უფრო ცნობადი უნდა გახდეს.

-ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ქვეყანაში ნებისმიერ სფეროში პროფესიონალი კადრების პრობლემა დგას. როგორ გგონიათ თქვენ პროფესიაში ამ კუთხით როგორი მდგომარეობაა და რა გამოწვევების წინაშეა დღეს საავიაციო ბაზარი?

-ჩვენ ქვეყანაში ახალი ტიპის ვერტმფრენებზე მოსარგებად პერსონალის გადამზადებაა საჭირო. გვყავს კვალიფიციური პერსონალი, მაგრამ ლიმიტირებული რაოდენობით და ამაში კიდევ მეტი ინვესტიციაა ჩასადები. ასევე საჭიროა ტექნიკურ-მატერიალური ბაზები, რაც ადგილზე არ არის და ყველაფრის იმპორტირებაა საჭირო, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ დროთა განმავლობაში იმ მცირე  ინფრასტრუქტურის საშუალებით, რასაც ჩვენ ამჟამად ვავითარებთ, აღარ დაგვჭირდება უცხო ქვეყნებიდან სერვისების იმპორტირება. თუ ჩვენ ამ ყველაფერში სხვა კომპანიებიც აგვიბავენ მხარს, მყარი ჯაჭვი შეიკვრება.

ავიაციაში ტექნიკური პერსონალის გადამზადება ძვირადღირებული სერვისია და როგორც წესი მისი ღირებულება მინიმუმ 40-50 ათასი ევროდან იწყება. ყოველი სეზონის შემდეგ ჩვენ საკუთარი პერსონალის გადამზადებაზე თანხებს აუცილებლად გამოვყოფთ.

-კომპანიას ბევრი მნიშვნელოვანი ეტაპი უკვე გადალახული აქვს, თუმცა წინ კვლავ მრავალი გამოწვევა ელის. როგორია „ყაზბეგი ჰელიკოპტერსის“ სამომავლო გეგმები და ახალი ბაზების შექმნა თუ იგეგმება?

-ახლა კიდევ ერთ ბაზას სექტემბრისთვის ვაშენებთ ყაზბეგში, რომელიც რამდენიმე ვერტმფრენზე იქნება გათვლილი. ჩვენ ზამთრის სეზონზე ვერტმფრენებს დავამატებთ. აქ იქნება მცირე ზომის ტექნიკური საწარმო, სადაც ვერტმფრენების მომსახურება ადგილზევე იქნება შესაძლებელი. წინა პერიოდში როგორც ზემოთ ვთქვი, ვერტმფრენების საზღავრგარეთ გაშვება გვიწევდა, რაც საკმაოდ ძვირია. უახლოეს მომავალში ჩვენი ინფრასტრუქტურის განვითარება გვინდა სვანეთისა და თუშეთის მიმართულებით.  

ასევე სამომავლოდ კიდევ ერთი მატერიალური ბაზის მოწყობას ვგეგმავთ, სადაც დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სამაშველო სამასუხრის მიმართულებით მუშაობას დავიწყებთ. ბაზის გაკეთებას მესტიაში, ან თბილისში მოვიაზრებთ. ეს ყველაფერი პრიორიტეტების მიხედვით დალაგდება. ახალი ბაზის კონსტრუქციული ნაწილის მშენებლობა დაახლოებით 85 ათასი ლარი ჯდება.

სამაშველო სამსახურის კომერციალიზაციის დაწყება გვსურს და გვინდა, რომ სადაზღვევო კომპანიებთან ერთად გამართული სამაშველო სისტემა შევთავაზოთ მომხმარებელს. ეს საკმაოდ გრძელვადიანი პროექტია, რომლის გაშვებას 2018 წლიდან ვაპირებთ და ვვარაუდობთ, რომ 2020 წლის ბოლოსთვის სრულყოფილად დაიწყებს მუშაობას.

 ავტორი: ლიკა გურაბანიძე

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.