ყაზბეგში, სასტუმრო „ალტიჰატის“ სამაშველო ქოხი აგვისტოში გაიხსნება. ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ „ალტიჰატის“ დამფუძნებელმა, ნიკოლოზ ალავიძემ განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, სამაშველო ქოხი ზღვის დონიდან 3700 მეტრ სიმაღლეზე იქნება განთავსებული.
„ეს არის სამაშველო დანიშნულების ქოხი, რომელიც მთლიანად კერძო ინვესტიციით კეთდება. ახლა, პროექტის დიზაინზე გვაქვს გამოცხადებული კონკურსი შვეიცარიაში, რომელიც 20 თებერვალს სრულდება და შემდეგ ექსტერიერის დიზაინზე გვექნება პატარა კონსილიუმი. ამ პროექტში ჩვენი პარტნიორია შვეიცარიული კომპანია „ბალი“, ასევე, ბრიტანული "სამეფო გეოგრაფიული საზოგადოება”(Royal Geographic Society). მათთან ერთად მოხდება საბოლოო ვიზუალური მხარის დამტკიცება. ფუნქციურად ეს იქნება სამაშველო, სააკლიმატიზაციო ქოხი ზღვის დონიდან 3700 მეტრ სიმაღლეზე და მისი აშენება ძალიან სწრაფად მოხდება ჩვენი შვეიცარიელი პარტნიორების დახმარებით. ჩვენ ვგეგმავთ, რომ აგვისტოს ბოლოს მოხდეს ქოხის გახსნა“, - განაცხადა ნიკოლოზ ალავიძემ.
„ალტიჰატის“ დამფუძნებლის განცხადებით, პროექტში პირველ ეტაპზე უფრო მეტი უცხოელი იქნება დასაქმებული.
გარდა ამისა, როგორც ნიკოლოზ ალავიძე აღნიშნავს, ქოხი დაახლოებით, 25 ადამიანს დაიტევს, საიდანაც 15 ადგილი გადაუდებელი სამაშველო საჭიროებებისათვის იქნება განკუთვნილი.
„ეს არის ინვესტიცია გავლენისთვის, ანუ პირდაპირი დასაქმებით აქ დასაქმებული უნდა იყოს მინიმუმ 5 მაშველი და მედიკოსი. საწყის ეტაპზე აქ იქნებიან პოლონელი მაშველები ვინც ამ სიმაღლეზე უკვე ბოლო 6 სეზონია მოხალისეობრივ მოღვაწეობას ეწევიან, ოღონდ კარვებში ცხოვრობენ. ჩვენი მოთხოვნა და პირობა არის ის, რომ ისინი მიიღებენ მონაწილეობას, რომ მოვამზადოთ და გადავამზადოთ ქართველი სპეციალისტები - სამთოგამყოლები, გიდები და პარამედიკოსები. ახალი სამთო ქოხი „ალტიჰატი“ უფასოდ დაუთმობს ტერიტორიას, რომ მათ უზრუნველყონ მაღალი ხარისხის სამაშველო და გადაუდებელი მომსახურება. არაპირდაპირ გაცილებით მეტი ადამიანი იქნება დასაქმებული ამ ეკოსისტემის გარშემო. სავარაუდოდ, პირველ ეტაპზე უფრო მეტი უცხოელი იქნება დასაქმებული, რადგან ჩვენ ფიზიკურად სპეციალისტები არ გვყავს, თუმცა იდეალურ შემთხვევაში მინიმუმ 20 ქართველი პროფესიონალი უნდა ჩაერთოს.
თავად ქოხი დაახლოებით, 25 ადამიანს დაიტევს, საიდანაც 15 ადგილი ყოველთვის მაქსიმალურად დაჯავშნილი იქნება გადაუდებელი სამაშველო საჭიროებებისათვის“, - აღნიშნა ნიკოლოზ ალავიძემ.
რაც შეეხება პროექტის ინვესტიციას - ალავიძის განცხადებით, საწყის ეტაპზე პროექტის საინვესტიციო მოცულობა სავარაუდოდ, 1.5 მლნ ლარის ფარგლებში იქნება.
„ჩვენი მხრიდან ამ ქოხის მშენებლობის თანხა მთლიანად გადახდილი გვაქვს შვეიცარიელი პარტნიორებისთვის. ინვესტიცია ჯამში პირველ ეტაპზე, რაც გვაქვს დაგეგმილი ეს არის 300 000 ევროს მოცულობით. 150 000 ევრო უკვე გადახდილი გვაქვს ავანსის სახით, თუმცა გამოცდილება გვაჩვენებს, რომ მთაში გარკვეული სირთულეებიდან და ამინდიდან გამომდინარე შესაძლოა აღნიშნული თანხა გაიზარდოს. თვითონ სახლისა და ეკიპირების ნაწილში ციფრები ზუსტად გვაქვს გათვლილი, მაგრამ პროექტის მთლიანი ღირებულებიდან დაახლოებით, 40% არის ტრანსპორტირება. საწყის ეტაპზე საინვესტიციო მოცულობა სავარაუდოდ, 1.5 მლნ ლარის ფარგლებში იქნება“, - განაცხადა ნიკოლოზ ალავიძემ.
bp.ge