ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„კერესელიძეების მარანი“ – ბოთლში ჩატეული 200 წლიანი რაჭული ღვინის ისტორია
18 დეკემბერი, 2017

კერესელიძეების მარანი საოჯახო ღვინის ახალი კომპანიაა ქართულ ბაზარზე, რომელიც რაჭის სოფელ ძირაგეულში, ხვანჭკარის მიკროზონაში განთავსებული ვენახების დეფიციტური ყურძნის ჯიშების დადუღებით იქმნება: ალექსანდროული, მუჯურეთული, რაჭული (წულუკიძის) თეთრა, რაჭული მწვანე, ცოლიკოური და სხვ. კერესელიძეების ოჯახი მეღვინეობას 200 წელზე მეტია, მისდევს და დღესაც, ვენახს შაბიამნისა და კირის ნაზავით წამლავს. კომპანიის დამფუძნებლები, მეგობრები, მარკეტოლოგი ილია მენაბდე და აპოლონ კერესელიძე არიან. რა გახდა 200 წლიანი ღვინის ისტორიის ბრენდად ქცევის მოტივაცია და „კერესელიძეების მარანი“ როგორ პოზიციონირებს ბაზარზე 1 წლის განმავლობაში, მარკეტერის შეკითხვებს ილია მენაბდემ უპასუხა:

„გვინდა, რაჭის მზეს ვაზიაროთ დანარჩენი სამყარო. ჩვენი მიზანია, წარმოვადგინოთ ჩვენი წილი საქართველო, რაც ჩვენს ღვინოში არის გამოხატული. მგონია, რომ ყველა ოჯახში, ერთი და იმავე ჯიშისგან დაწურული განსხვავებული ხასიათის ღვინო გამოდის, რადგან ყველა მეღვინე, რაღაც მხრივ, საკუთარ ემოციებს გადასცემს მას“, – ილია მენაბდე.

- როგორ შეხვდით კერესელიძეებს და უკვე დღეს, რა ისტორია აქვს „კერესელიძეების მარანს“ ?

მეღვინეობა ბავშვობიდან მაინტერესებდა, ბაბუას ვეხმარებოდი ხოლმე სულ ვენახში. 6-7 წლის წინ კი, მეგობრებთან ერთად, თბილისში დავიწყე ღვინის დაწურვა. შემდეგ, რაჭაში შევიძინე ვენახი, ისე აეწყო, რომ მოვიპოვე პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“ გრანტი და რადგან მარანი არ მქონდა და არც რაჭაში ვცხოვრობდი, ჩემი იქაური მეგობრის, აპოლონ კერესელიძის მოსავლიდან დავწურეთ ღვინო და ერთად დავიწყეთ საქმე.

მე მარკეტინგულად შევფუთე, ქართულ ბაზარზე გავიტანე, გაყიდვებზე ვიზრუნე და ა.შ. ღვინის დაყენებაშიც გავუწიე რეკომენდაციები, როგორი მოთხოვნა იყო ბაზარზე და ა.შ. მინდოდა, რომ „კერესელიძის მარანი“ რქმეოდა და რადგან ამდენი ხნის ისტორია აქვს მეღვინეობაში ამ ხუთშვილიან ოჯახს და თვითანც ძალიან უნდოდათ, რომ გაგრძელებულიყო ოჯახური ტრადიცია, შევთანხმდით „კერესელიძეების მარანზე“ და 2016-ში, ბოთლებში ჩამოვასხით ოჯახური ღვინო.

- რა დასახელების ღვინოები გაქვთ და რაშია „კერესელიძეების მარნის“ უნიკალურობა?

ჩვენ ხვანჭკარას არ ვაყენებთ, რადგან არც მე და არც აპოლონს ნახევრადტკბილი ღვინო არ მოგვწონს, ამიტომ ბოლომდე ვადუღებთ და მშრალ ღვინოს ვაკეთებთ. თეთრი ყურძნებიდან გვაქვს წულუკიძის თეთრა, ცოლიკაური და რაჭული მწვანე. წულუკიძის თეთრა დავადუღეთ, ადრეა მისი რთველი, შემდეგ დავწურეთ და დავადუღეთ რაჭული მწვანე და ცოლიკაური და სადღაც იანვარში, დავაკუპაჟეთ. რაჭული მწვანე ძალიან დეფიციტური ჯიშია და შესაბამისად, ცოტას აქვს. გამოდის, რომ ჯერჯერობით, 2 სახის ღვინო გვაქვს, წითელი მშრალი და თეთრი მშრალი.

- ვინ არის სამიზნე აუდიტორია და სად ხდება თქვენი პროდუქტის რეალიზება?

აუდიტორია საშუალო და მაღალი შემოსავლის მქონე ადამიანები არიან და ისინი, ვინც იციან ღვინის ფასი. ჩვენი „ალექსანდროული“ ჭიქა 15 ლარად იყიდება, ისეთია, უნდა დაჯდე და ისიამოვნო. დღეს, ჩვენი ღვინოებიწარმოდგენილია Tsangalas’s Wine-ში, ღVino Underground-სა და Vinomania-ში, ოღონდ, უკვე მარტო თეთრი, ისიც, დაახლოებით, 30 ცალია დარჩენილი. წითელი მთლიანად ამოიყიდა. რაოდენობა რადგან ცოტა იყო, ღვინოები მაქსიმალურად გავანაწილეთ და ისეთ ადგილებში მივიტანეთ, სადაც ღვინოს აფასებენ.

- უცხოურ ბაზარზეც თუა წარმოდგენილი კერესელიძეების მარანი?

ჩვენი ღვინო შტატებში გავუშვით ექსპორტზე, სრულიად დაუგეგმავად. ამერიკაში არც გვიფიქრია გაგზავნა, იმდენად შეზღუდული რაოდენობით გვქონდა აქაც, საქართველოში განაწილებული, თუმცა მაინც არ გავუშვით ხელიდან ეს შანსი და დაახლოებით, 200 ბოთლამდე გავაგზავნეთ, რასაც ისეთი გამოხმაურება მოჰყვა, რომ კიდევ მოუნდათ დამატება, თუმცა მარაგები აღარ გვქონდა და მეტის გაშვება ვეღარ მოვახერხეთ.

MARKETER


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.