ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
კიკნაველიძეების ლეგენდარული ღვაწლი და სოლომონ მეფის თავშესაფრად ქცეული სოფელი
05 ივლისი, 2022

ბევრი სახელოვანი მამულიშვილი აღუზარდა საკრაულამ საქართველოს. სოფელში განსაკუთრებით ძმები კიკნაველიძეები ეამაყებათ...

ყარამანი, ნიკოლოზი, შალვა, მანუელი  ამ სახელებს  დღესაც ტკივილნარევი სიამაყით იხსენებენ საკრაულაში... 

გოჩა ხორავა: 

ირანში კიკნაველიძეები ხე-ტყის ბიზნესით იყვნენ დაკავებულები, მართალია  უშუალოდ აღარ მონაწილეობდნენ რევოლუციურ ბრძოლებში, თუმცა შემოსავლის დიდ ნაწილს რევოლუციურ საქმიანობას ახმარდნენ. 1912-1917 წლებში, რევოლუციის ტალღა სპარსეთშიც აგორდა. ყარამანი და მისი ძმები აქტიურად ჩაებნენ რევოლუციურ პროცესებში. ექომაგებოდნენ ფერეიდნელ ქართველებს, მათ ინტერესებს  იცავდნენ და მატერიალურადაც შეეწეოდნენ. განსაკუთრებით მანუელი აქტიურობდა. მთელ თავისუფალ დროს ფერეიდნელ ქართველებთან ატარებდა და მათთან ერთად მონაწილეობდა რევოლუციურ გამოსვლებში. 1916 წლის 9 ივლისს, ძმების ქველმოქმედებით გაღიზიანებულმა ხელისუფლებამ, მოსყიდული ავაზაკების ხელით გამოასალმა სიცოცხლეს 35 წლის მანუელი... ყარამან ძალიან დაამწუხრა ძმის გარდაცვალება. Mმიხვდა, რომ საფრთხე მასაც ელოდა, საქმეები მოაგვარა და ერთი წლის თავზე, სამშობლოში დაბრუნდა. ძმის ნეშტიც საქართველოს მიწას მიაბარა... ამავე პერიოდში შეირთო ცოლად ცნობილი მწერლის, სიმონ ქვარიანის ძმისწული ოლიკო ქვარიანი... 

საქართველოში დაბრუნებული ყარამანი, თავის ძმებთან ერთად  აქტიურად ებმება ქვეყნის საზოგადოებრივ საქმიანობაში...  მათი ქველი საქმეების და მამულიშვილური ღვაწლის ჩამოთვლაც კი შეუძლებელია. ცნობილ ისტორიული ფაქტს გავიხსენებ: 1917 წლის სექტემბერში,  სვეტიცხოვლის ტაძარში, კათოლიკოს- პატრიარქ, კირიონ მეორის აღსაყდრების ცერემონია გაიმართა. ვიდრე უწმინდესი ტაძარს დატოვებდა, ხელში წერილი მიაჩეჩეს, სადაც აფრთხილებდნენ, რომ მისი მოკვლა ჰქონდათ განზრახული. Pპატრიარქი მაინც გაემართა თურმე გასასვლელისკენ. ხალხში ჩოჩქოლი ატყდა. ამ დროს, მას ყარამან კიკნაველიძე მიუახლოვდა, რჩეულ ვაჟკაცებთან  ერთად და უთქვამს: თქვენო უწმინდესობავ, მომიცეთ ხელი, აბა, ვინმემ გაბედოს თქვენზე იარაღის აღმართვა. პატრიარქისთვის გარშემო წრე გაუკეთებიათ და ისე გაუყვანიათ სვეტიცხოვლის ტაძრიდან; გადასახლებიდან დაბრუნებულ პატრიარქ ხელაიას, თავის ამალით დახვდა თურმე რუსეთის საზღვართან, დარიალის ხეობაში და მცხეთამდე მიაცილა.

სწორედ ძმებ კიკნაველიძეებს უთავებიათ სოფელ საკრაულაში სამინისტროს სკოლის გახსნაც, ფინანსური ხარჯებიც მათ გაუღიათ; ყარამანი დახმარებას უწევდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას... სხვათა შორის, ყარამანმა გამოიგონა მარტივი კონსტრუქციის ხელსაბანიც... 

ბევრი ქველი საქმის გაკეთება მოასწრეს ყარამანმა და მისმა ძმებმა, ბევრიც განეზრახათ, თუმცა კიკნაველიძეების ოჯახში დატრიალებულმა ტრაგედიამ, სამუდამოდ შეწყვიტა სამშობლოს სიყვარულით გულანთებული ძმების გულების ცემა...   

1918 წლის 3 თებერვალს, გამთენიისას კიკნაველეთში სროლის ხმა გაისმა. შემზარავის სურათის ხილვამ ერთიანად შეძრა მაყვლარიანის სერზე შეკრებილი ხალხი. თოვლზე უსიცოცხლოდ დაფენილი კიკნაველიძეების გვამები სისხლში ცურავდა _ Yყარამანი და მისი ფეხმძიმე მეუღლე ოლიკო, ნიკოლოზი და შალვა... ერთად, ერთი ტყვიით იყვნენ დახოცილები. მკვლელებმა ესეც არ იკმარეს, იმ დღესვე კიკნაველიძეების სახლში მივარდნენ და ყარამანის დედაც მოკლეს, სახლს ცეცხლი წაუკიდეს; შემდეგ მათი და ანეტაც გამოასალმეს სიცოცხლეს. ძმების მსგავსად, გულადი ყოფილა ანეტა. Aამბობენ, იარაღს  ატარებდა და შიშის ზარს სცემდა ყველასო. იმ დღეს თეთრი კაბა ეცვა თურმე. თითქოს მარადისობაში გადასასვლელად, სპეტაკ სამოსში გამოწყობილი საგანგებოდ გამზადებულიყო. სროლისას იარაღიდან კაბას ცეცხლი მოსდებია... არადა, სრულიად უდანაშაულოდ...

კიკნაველიძეების მკვლელობაში მათივე თანასოფლელების ხელი ერია. სოფელში საკმაოდ შეძლებული პიროვნება, სიმონ კიკნაველიძე ცხოვრობდა. 1917 წლის დეკემბერში, მის ოჯახს თავს დაესხნენ და გაძარცვეს. თვითონ სიმონი წამებით მოკლეს. Mმის ნეშტსაც კი ვერ მიაგნეს. ბოროტმა ენებმა სიმონ კიკნაველიძის საქმე ყარამანს და მის ძმებს გადააბრალეს. სიმონის შვილები ყარამანთან მისულან პასუხის მოსათხოვნად _ ჩემს ძაღლს უფრო კარგად ვიცნობ, ვიდრე მამათქვენს და რატომ უნდა მომეკლაო, უთქვამს ყარამანს... არ ირწმუნეს ყარამანის სიტყვის პაპალამ, ამბროსიმ და ვლადიმერმა (სიმონ კიკნაველიძის შვილები)  და შურისძიება ჩაიდეს გულში. სწორედ პაპალა და მისი ძმები ჩაუსაფრდნენ, ჯარის ამხანაგებთან ერთად, ზესტაფონისკენ მიმავალ კიკნაველიძეებს მაყვლარიანის სერზე და ყველანი ერთი გასროლით ამოხოცეს... იმავე წლის მარტში, მწყემსებმა შემთხვევით იპოვეს ხევში გადაგდებული სიმონ კიკნაველიძის გვამი... მამის დაკრძალვის დღეს, გარიჟრაჟზე სიმონის ოჯახს 160 კაციანი პოლიციის რაზმი მიადგა ძმების დასაჭერად პაპალა, ამბროსი და ონისე კატორღაში გადაიყვანეს, ვლადიმერი კი გაქცევის დროს მოკლეს... გამოძიებამ სიმართლე დაადგინა. მკვლელი სწორედ ცილისმწამებელი აღმოჩნდა...

 კიკნაველიძეების შესახებ ყველა სახის მასალას თავი მოუყარა, საკრაულაში დაბადებულმა ცნობილმა აკადემიკოსმა, ანდრო კიკნაველიძემ. წლების მანძილზე, არქივებსა თუ პრესაში, სხვადასხვა დროს გამოქვეყნებულ მასალებს ერთად მოუყარა თავი და კიკნაველიძეების ლეგენდარული წარსული გააცოცხლა.

 ბატონი ანდრო კიკნაველიძე, არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი გახლდათ...    

კიკნაველეთმა დევნილობის ჟამს, იმერეთის მეფე სოლომონ პირველიც შეიფარა...

პროფესორ სანდრო მარუაშვილის დახმარებით, ასეთი ისტორიული ფაქტი მოვიძიეთ: 1750-იან წლებში, როდესაც იმერეთის მეფეს, სოლომონ პირველს, საკუთარი დედა და ბაბუაც კი აუჯანყდნენ და მისი ტახტიდან გადაგდება მოინდომეს, მეფემ ზეკარის ხეობას შეაფარა თავი. შეთქმულები ახალციხის ფაშას შეეკრნენ. ახალციხის ფაშას წაქეზებით, ზეკარის ხეობას  ლეკები შემოსევიან და სოლომონ მეფის წინააღმდეგ ბრძოლა გაუმართავთ. ამ ადგილს დღემდე ლეკის ხევს ეძახიან. მიუხედავად იმისა, რომ სოლომონს მცირერიცხოვანი ჯარით მოუხდა ბრძოლა, მტერი უკუაქცია, მაგრამ ბრძოლაში მხარი დაიზიანა. სნეული მეფე, ამალასთან ერთად, სოფელ კორიშის ტაძრის წინამძღვარს, მამა საბა ენდელაძეს წაუყვანია საკუთარ რეზიდენციაში. მამა საბა კურნების ნიჭითაც ყოფილა დაჯილდოებული და მეფეს უმკურნალა.  მამა საბამ, მხოლოდ მეფის ძუძუმტეს, ნაფიჩვაძეს შეჰბედა თურმე და უთქვამს: ძალიან მტკივნეული პროცესია ბეჭის ჩაჯენა და მაგრად დამიჭირე მეფეო. მოძღვარმა მეფეს მხარი ჩაუსვა... 

ლეკები კი უკუიქცნენ, მაგრამ ახალციხის ფაშას ამბავი ჩაუტანეს, მეფემ ბრძოლაში მხარი დაიზიანა და ბრძოლისუუნაროაო. ფაშა მთელი რაზმით დაიძრა ზეკარის ხეობისკენ. მტრის მოახლოების შესახებ, მამა საბამ შეიტყო და მეფე სასწრაფოდ საკრაულაში გამოაპარა. მეფის კვალსაც ვერსად მიაკვლიეს.  ახალციხის ფაშა მიხვდა, რომ მოატყუეს, განრისხებულმა ფაშამ მამა საბას ხმლით აკუწვა ბრძანა, სოფელ კორიშის ტაძარი კი გადაწვეს. სოლომონმა ორი თვე გაატარა საკრაულაში, ძალები მოკრიბა და ტახტის დაბრუნებისთვის ბრძოლაც წამოიწყო...

ამირან ბახტიძე, საკრაულის მკვიდრი:

სოფელში დღემდეა შემორჩენილი თავდაცვითი დანიშნულების ციხის ნანგრევები. ხშირად შეუფარებიათ თავი  უმოკლესი გზა, მესხეთ-ჯავახეთიდან იმერეთამდე კურორტ საირმის გავლით გადის, სადაც საკრაულის ხეობაშიც შეიძლება გადასვლა. სწორედ ამ გზით სარგებლობდნენ იმერეთის მეფეები  სამცხე-ჯავახეთიდან მიმავალი თურქ-ოსმალთა შემოსევების დროს. ამ ტერიტორიებზე იმართებოდა ბრძოლა და საშუალებას არ აძლევდნენ ჩამოეღწიათ ვარციხის სასახლემდე და ქუთაისამდე. სოფელს ესაზღვრება ასევე ზესტაფონისა და ხარაგაულის რაიონები. როდესაც ქუთაის- არგვეთის სამეფო და შორაპანი დამპყრობელთა ხელში მოექცეოდა, დასავლეთ საქართველოდან აღმოსავლეთ საქართველოში გადასასვლელი ერთადერთი გზა სწორედ საკრაულის ხეობაზე გადიოდა. Aამიტომაცაა რომ ხეობაში მრავლად გვხვდება ციხის ნანგრევები... წლების წინ, წიფის ციხის ნანგრევებში, ქურა, მონეტები და ძვირფასი ლითონის ნადნობები ვიპოვეთ. ყველა მონეტაზე სხვადასხვა ორნამენტი იყო დატანილი. მონეტები სავარაუდოდო მე-11 საუკუნით დათარიღდა. რამდენიმე მონეტა გივი ბერიანს გავატანეთ შესამოწმებლად, მაგრამ უკვალოდ გაქრა. ალბათ ერთ დროს, აქ მონეტებსაც ადნობდნენ, თუმცა მეცნიერულად შეუსწავლელია და დანამდვილებით არაფრის თქმა არ შემიძლია...

ცნობილია, რომ საკრაულაში განსაკუთრებით ციცქას ჯიშის ვაზისთვისაა ხელსაყრელი პირობები...

გადმოცემით ვიცი, რომ საკრაულა გამოირჩეოდა უნიკალური ღვინოებით. განსაკუთრებით ცნობილი იყო სოფელ ზეგნისა და საკრაულის ციცქასა საშამპანურე ღვინომასალისთვის. ციცქიდან იმერეთში მზადდება ღვინომასალა შამპანურისთვის, რადგან მაღალი მჟავიანობით და დაბალი შაქრიანობით გამოირჩევა. მისგან ამზადებენ ევროპული და იმერული ტიპის ღვინოებსაც. საშამპანურე მასალად საუკეთესოა 18-19% შაქრიანობისა და 11-12 % მჟავიანობის ციცქა.  სოფლის გეოგრაფიული მდებარეობიდან, კლიმატიდან და ნიადაგიდან გამომდინარე, ამ თვისებებს, სწორედ ჩვენთან მოწეული ციცქა ავლენს. ბარის პირობებში, 20- იდან 23 %  შაქარსაც კი აგროვებს, ზაფხულის მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე.

ტარიელ კიკნაველიძე, საკრაულის სკოლის ისტორიის მასწავლებელი:

ჯერჯერობით სკოლა ჩვეულებრივად ფუნქციონირებს. თუმცა მხოლოდ 17 მოსწავლე გვყავს და ვინ იცის კიდევ რამდენი ხანი იარსებებს მხოლოდ 17 მოსწავლის იმედად დარჩენილი სკოლა.  სოფელს შეეხო მიგრაციული პროცესებიც. საკრაულა მაღალმთიანი სოფელია, თუმცა  მაღალმთიანი სოფლის სტატუსი არ მიანიჭეს.  ეს ხალხს სოფლისკენ  შემოაბრუნებდა და მეტი პერსპექტივაც გაჩნდებოდა. 

საკრაულა რატომ ჰქვია თქვენს სოფელს?

საკრაულა მდინარის სახელია. ეს მდინარე ჩვენს სოფელშიც გადინება. მდინარე სათავეს იღებს ხარაგაულის ტერიტორიაზე მებარე სამეცხვარიოს მთიდან. სათავესთან იმდენად პატარა კალაპოტია, კრავიც კი გადახტებაო, ამიტომაც ეწოდა მდინარეს და ხეობასაც თავიდანვე საკრაულა. მეორე ვერსიაც არსებობს: ბალახობისას, მწყემსები გამოყოფდნენ დედა ცხვრებს და კრავებს და ცალ-ცალკე აძოვებდნენ. კრავების საძოვარი სწორედ იმ მახარეს იყო, საიდანაც მდინარე საკრაულა იღებს სათავს და საკრაულაც ამის გავლენით ეწოდა. თავიდან სოფელს კიკნაველეთი ერქვა, მეოცე საუკუნის 30-იან წლებში, გადაარქვეს სახელი, ჩვენი სოფლის კოლმეურნეობის თავმჯდომარის, შალვა ჭუმბურიძის  სურვილით. 

სწორედ შალვა ჭუმბურიძემ დაანგრია, 1946 წელს კიკნაველეთის, ვარდისფერი თლილი ქვებით ნაგები, ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი და ამ ქვით აუშენებია კოლმეურნეობის კანტორა. შენობა შემდეგ დაინგრა, და მხოლოდ ვარგისად და გამოსადეგად მხოლოდ ყოფილი ეკლესიის ვარდისფერი თლილი ქვებიღა დარჩა... შემდეგ სწორედ ამ ქვებისგან აღადგინეს ტაძარი... 

ავტორი: შორენა მერკვილაძე


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.