ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
კოჯორში სამედიცინო ველნეს კურორტი ბიოლის ტერიტორიაზე კორტების, თერმო ზონის და ღია აუზის მოწყობა იგეგმება
29 მაისი, 2019

„კომერსანტისთვის“ დაბა კოჯორში, სამედიცინო ველნეს კურორტ ბიოლის განვითარების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ცნობილია, ველნეს კურორტის მფლობელი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი თამაზ მჭედლიძეა, რომელსაც საკუთარი კლინიკების ქსელი „მედი“ აქვს რუსეთში.

როგორც კომპანიის დირექტორი თეა გადრანი „კომერსანტთან” აცხადებს, ტერიტორიაზე ერთ წელში განვითარების ახალი ფაზა დასრულდება, რომელიც კორტების, თერმო ზონის და ღია აუზის მოწყობას გულისხმობს.

როგორც გადრანი განმარტავს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები შემდეგ ობიექტებზე: თერმო ზონა, რომელიც ველნეს პროგრამებისთვის იქნება განკუთვნილი, საერთაშორისო სტანდარტების მქონე კორტები (2 მოედანი) და ღია აუზი, რომელიც ამინდის შესაბამისად, გადახურვადი იქნება. მისი განმარტებით, ასევე დაგეგმილია როგორც რამდენიმე საუნის და საპროცედურო ოთახის, ისე საცხენოსნო გზების მოწყობაც. მისივე განცხადებით, საცხენოსნო გზები მოეწყობა ე.წ. იპოთერაპიისთვის, რომელიც მიმართულია ადამიანის ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

მისი განცხადებით, უკვე მოწყობილია ერთი ხელოვნური ტბა, მეორეს მშენებლობა კი 2-3 თვეში დასრულდება.

სამედიცინო ველნეს კურორტ ბიოლის დირექტორი 3 წლიან პერსპექტივაზეც საუბრობს და განმარტავს, რომ ესკიზის დონეზე უკვე არსებობს 30 ნომრიანი სასტუმროს პროექტი, თავისი დიდი ხელოვნური ტბით. პროექტირების პროცესშია ეთნოსახლი – უცხოელი სტუმრებისთვის ქართული კულტურის და ტრადიციების გასაცნობად.

„პარალელურ რეჟიმში იგეგმება ახალი პროდუქტის, „ჯორჯიან ველნესის“ შექმნაც, რომელიც წარმოადგენს ქართული ხალხური სიბრძნის, ქართული ბუნებრივი, ფიტო რესურსების და თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების სინთეზს.ახალ ინფრასტრუქტურასთან ერთად გვექნება უნიკალური პროდუქტი, რომელსაც სასტუმროს გახსნის პარალელურად გავყიდით“-აცხადებს გადრანი.

მისი განმარტებით, ბიოლი აქტიურად მუშაობს სამედიცინო პროგრამაზე „ველნეს თერაპევტი“, რომლის ფარგლებშიც რამდენიმე სამედიცინო უნივერსიტეტთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. შეთანხმების გაფორმების შემდეგ, სტუდენტებს საშუალება ექნებათ მაგისტრატურა ბიოლის  სამედიცინო ცენტრში გაიარონ.

უკვე დასრულებულია და 2 წელია საკმაოდ აქტიურად მუშაობს ბიოლი ჰოლი, რომელიც მოიცავს რესტორანს, საკონცერტო დარბაზს და ზამთრის ბაღს. ინტერიერის დიზაინი და კონფიგურაცია საშუალებას იძლევა აქ სხვადასხვა ტიპის კულტურული ღონისძიებები, ბანკეტები, კონფერენციები გაიმართოს.

ტერიტორიაზე მოეწყო ორანჟერეები – გამწვანებული, მოსასვენებელი ზონები.

გადრანის ინფორმაციით, ამჟამად კურორტის ტერიტორიაზე ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან აშენებულია 13 კოტეჯი, აქედან 11 ინდივიდუალური (60 კვ.მ) და 2 საოჯახო (ორსართულიანი, 180 კვ.მ). გარდა ამისა, მედკომპლექსში, სადაც პროცედურები ტარდება არის 2 ორადგილიანი ნომერი.

რაც შეეხება ფასებს, განთავსებაზე 1 ივნისიდან შემდეგი ტარიფები შევა ძალაში:

– ორადგილიანი ნომერი – 150 აშშ დოლარიდან
– პერმიუმ კოტეჯი – 365 აშშ დოლარიდან
– გრანდ პრემიუმ კოტეჯი – 990 აშშ დოლარიდან

კურორტით ძირითადად უცხოელები, დაახლოებით 40 ქვეყნიდან ინტერესდებიან. თუმცა კურორტი ადგილობრივი ბაზარზეც საკმაოდ პოპულარულია.

რაც შეეხება ინვესტიციას, კაპიტალიზაციის ხარჯების ჩათვლით (მიწის ღირებულება) ამ დრომდე კურორტზე დაახლოებით 25 მილიონი დოლარის ინვესტიციაა განხორციელებული. 3 წლიან პერსპექტივაში კომპანია დამატებით ასევე 20-25 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას ჩადებს. სამომავლოდ, დაგეგმილია, როგორც არსებული ტერიტორიის განვითარება, ისე ახალი ლოკაციების დამატება.

ბიოლი საერთაშორისო დონის კურორტია არა მხოლოდ კეთილმოწყობისა და სერვისის კუთხით, არამედ მისი უნიკალური მეთოდოლოგიის და კონცეფციის გამო. ბიოლი მომხმარებელს სხვადასხვა ველნეს პროგრამას სთავაზობს, თუმცა პროგრამის ტიპი და მისი ხანგრძლივობა დამოკიდებულია კონკრეტული სტუმრის ველნეს დიაგნოსტიკის და სხვადასხვა ტესტირების შედეგებზე. აქედან გამომდინარე პროგრამების ღირებულება 400-დან 3800 დოლარამდე მერყეობს.

შპს „მედგრუპ ჯორჯიას  კუთვნილი სამედიცინო ველნეს კურორტ ბიოლის მშენებლობა 2013 წელს დაიწყო. კურორტის სამზარეულოს ხარისხიანი და ნატურალური კვების პროდუქტებით უზრუნველყოფს საკუთარი ფერმა და სათბური.

სპეციალურად სამედიცინო ველნეს კურორტისთვის მომზადდა ქართველი ველნეს-თერაპევტების ჯგუფი. კომპანიის მიზანია პრემიუმ კლასის სამედიცინო ველნეს კურორტის პოზიციონირება მსოფლიო ბაზარზე, საქართველოში ველნეს-ინდუსტრიის განვითარება და მისი ჩამოყალიბება მსოფლიო დონის გამაჯანსაღებელ ცენტრად.

Commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.