ურეკში მდებარე სასტუმრო KOLKHIDA RESORT & SPA-ს მფლობელი ხათუნა ლაგაზიძე „ბიზნესპარტნიორთან“ მიმდინარე წლის ზაფხულის სეზონის მოლოდინებზე საუბრობს და აცხადებს, რომ სასტუმრო ჯავშნებს უკვე აქტიურად იღებს.
მისი ინფორმაციით, თუ ორი წლის განმავლობაში დამსვენებლების 80%-ი ადგილობრივი ტურისტი იყო, წელს ინტერესია ყოფილი პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებიდან. ამას ემატება ჯავშნები ბალტისპირა ქვეყნებიდან და ისრაელიდან. ყველაზე ნაკლები ზარი კი რუსეთიდანაა.
„ჩვენ რეკლამას რუსეთის მიმართულებით არ ვაკეთებთ. ძალიან საინტერესოა ისიც, რუსები, ვინ რეკავენ, პირველი იმას კითხულობე მივიღებთ თუ არა ჩვენს სასტუმროში. მათ იციან ის განწყობს,რაც მთელს მსოფლიოს, მათ შორის საქართველოს მათ მიმართ აქვს.
ჩვენ აქცენტს რუს დამსვენებელზე არ ვაკეთებთ, შესაბამისად, თითქმის არ არის დაინტერსება ჩვენი სასტუმროთი. რუსი ტურისტები ჩვენი სამიზნე არ არის და არც არის ამის კრიტიკული აუცილებლობაა იმიტომ, რომ დანარჩენი პოსტსაბჭოთა სივრციდან საკმაოდ დიდი ინტერესია,“-აცხადებს ლაგაზიძე.
მისი ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინის ომის გამო დამსვენებლები გრძელვადიან პერიოდზე დაგეგმვას ვერ აკეთებენ, ეს კი ძალიან საგრძნობია.
„რეკავენ, თუმცა, ინტერესის მიღმა ჯავშნებამდე საქმე ნაკლებად მიდის. 2-3 თვიანი შუალედით ძალიან ცოტა თუ გეგმავს დასვენებას,“-აცხადებს ლაგაზიძე.
მისივე განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ჯავშნები არის, პანდემიამდელ მაჩვენებლთან დაბრუნებისთვის სასტუმროს დაახლოებით 2 წელი ისევ დასჭირდება.
KOLKHIDA RESORT & SPA-ს დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ მთლიანობაში ტურიზმისთვის საკმაოდ რთული წელია. ამას დაემატება გაზრდილი ფასები და ინფლაცია, რაც სასტუმროს შემოსავლებზე კარგად ნამდვილად არ აისახება.
„ფასების მატება გარდაუვლად გვიწევს. იმ პირობებში, როდესაც გაძვირდა საწვავი, მოიმატა კომუნალურმა გადასახადებმა, სხვანაირად შეუძლებელია. კვების ხარჯი მინიმუმ 1/3-ითაა გაძვირებული. სასტუმროს სერვისის თვითრირებულებაში შედის თანამშრომლების ხელფასები, რომლის გაზრდაც სასტუმროს მენეჯმენტს შექმნილ ვითარებაში გვიწევს.
ჩვენ მომსახურების ფასები დაახლოებით 15%-ით გავზარდეთ, თუმცა, ვშიშობ, ქართველი დამსვენებლისთვის რთული იქნება ამ პირობებში ფეხი აუწყოს არსებულ ტარიფებს.
თუ ბიზნესი არ გაზრდის სერვისის საფასურს, გაჩერდება. მომატებული პროდუქტების ფასი და მნიშვნელოვნად გაზრდილი ხელფასები, გაორმაგებული ელექტროენერგია და გაზი, ეს ხარჯი რომ იგივე ფასით ასწიო, შეუძლებელია“-აცხადებს ლაგაზიძე.
მისი განცხადებით, შექმნილ სიტუაციაში სასტუმრო ჯერ ისევ გადარჩენის ეტაპზეა, რაც რეინვესტირებას სრულად გამორიცხავს. როგორც ლაგაზიძე აღნიშნავს, სასტუმროს მენეჯმენტისთვის პრიორიტეტულია დაფაროს ის ვალდებულება, რაც ბანკის მიმართ გააჩნია.
business-partner.ge