ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
კოლხურ ჰაბიტატებს და ჭარბტენიან ტერიტორიებს შესაძლებელია ბუნების მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭოს
02 ოქტომბერი, 2019

საქართველოში კოლხური ჰაბიტატებისა და ჭარბტენიანი ტერიტორიებისთვის ბუნების მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე ბუნების კონსერვაციის საერთაშორისო გაერთიანების (ICUN) ექსპერტებს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა სამუშაო პროცესის მიმდინარეობის საკითხები განიხილეს.

მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (იუნესკო) მიერ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეტანილ ქართულ მემკვიდრეობაზე გაამახვილა.

როგორც იური ნოზაძემ აღნიშნა, ბუნების მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის განხილვა რეგიონში უპრეცედენტო შემთხვევაა და იმედი გამოთქვა, რომ სტატუსის მინიჭების საკითხი დადებითად გადაწყდება.

ბუნების კონსერვაციის საერთაშორისო გაერთიანების ექსპერტის ჯოზეფინე ლანგლის განცხადებით, საქართველოში კოლხური ჰაბიტატებისა და ჭარბტენიანი ტერიტორიებისთვის ბუნების მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვა აქტიურად მიმდინარეობს. როგორც ექსპერტმა აღნიშნა, მზადდება შესაბამისი დოკუმენტი იუნესკოს ოფისში წარსადგენად.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას დაცული ტერიტორიების სააგენტოს უფროსი ვალერიან მჭედლიძე და სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.