ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„კომენდანტის საათის“ მოხსნის შემდეგ ჯავშნები უფრო გააქტიურდება“ – „ბაბანეურის მარანი“
31 მაისი, 2021

ახმეტაში, სოფელ ბაბანეურში, მდებარე საოჯახო ტიპის სასტუმროსა და ღვინის მარნის „ბაბანეურის მარანის“ დამფუძნებელი ნინო ნინუა bm.ge-ისთან ყვება, რომ 2020 წელს ჩავარდნილი ტურისტული სეზონის შემდეგ, წელს დამსვენებელთა აქტივობა იგრძნობა და ჯავშნებიც ეტაპობრივად მატულობს.

"ვითარება შედარებით გამოსწორდა; დამსვენებლები ძირითადად დუბაიდან, რუსეთიდან, ისრაელიდან და ევროპის ქვეყნებიდან გვყავს; გვაქვს მოლოდინი, რომ 2021 წლის ზაფხული უკეთესი იქნება, თუმცა ტურისტებისთვის ყველაზე დიდი პრობლემა „კომენდანტის საათია“, რომლის მოხსნის შემდეგ ჯავშნები უფრო გააქტიურდება“, - ამბობს „ბაბანეურის მარანის“ დამფუძნებელი.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, რთულად პროგნოზირებადი გარემოდან გამომდინარე, დეტალებზე საუბარი უჭირს, მაგრამ ნინო ნინუას თქმით, „ბაბანეურის მარანი“ სასტუმროს მოწყობას შინაური ცხოველებისთვისაც აპირებს.

„საქართველოში ე.წ. „Pet-Friendly“ სასტუმროების დეფიციტია, რაც შინაური ცხოველების პატრონებს დისკომფორტს უქმნის. ასევე ჩვენს სამომავლო გეგმებში ხორბლის მოყვანაც შედის, რომლითაც სტუმრებისთვის ტრადიცულ პურს გამოვაცხობთ“, - აღნიშნა მან.

ცნობისთვის: „ბაბანეურის მარანი“ დამსვენებელს ღვინის მარანს, სადეგუსტაციო სივრცეს, კულინარიულ მასტერკლასს, 13-ნომრიან სასტუმროს, ღია აუზსა და თონეს სთავაზობს. კომპლექსს ბაბანეურის ნაკრძალი ესაზღვრება, სადაც სტუმრებს ველოსიპედების ტურებით სარგებლობაც შეუძლიათ. დამფუძნებლებმა მარანი - 2004 წელს, ხოლო სასტუმრო 2017 წელს დააფუძნეს. „ბაბანეურის მარანის“ ღვინო, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე ამერიკაში, გერმანიაში, ინგლისში, საფრნაგეთსა და ჰოლანდიაში იყიდება. კომპლექსი, დაახლოებით, 30-40-მდე ადამიანს ასაქმებს.

რაც შეეხება საფასო პოლიტიკას, ნომრების ფასები 230 ლარიდან იწყება. დამსვენებლებს „ბაბანეურის მარანის“ ყველა აქტივობაში ჩართვა კი 150 ლარად შეუძლიათ.

bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.