ექსტრემის მოყვარულებისთვის თბილისში ახალი ატრაქციონი „ზიპ-ლაინი ვაკე“ მოეწყო. მათ ვისაც სიმაღლის და სიჩქარის შიში არ აქვთ, პირველი აგვისტოდან კუს ტბაზე ელოდებიან. სწორედ კუს ტბის მიმდებარედ მოეწყო ” ზიპ-ლაინის სასტარტო სადგური, ფინიში კი ვაკის პარკის შესასვლელთან იქნება. როგორც კომპანია „zipin vake“ს დირექტორი გიორგი მერკვილაძე აცხადებს, სტარტი და ფინიში ერთმანეთთან დაკავშირებული სპეციალური მაღალი ხარისხის ტროსებით მოხდება, რაზეც ხდება შემდეგ სპეციალური სამაგრით სრიალი.
ატრაქციონში დაახლეობით 200 000 დოლარის ინვესტიცია ჩაიდო.

„ორ სპეციალურ ბაქანს შორის მანძილი 1200 მეტრია, ვარდნა კი ატრაქციონს 200 მეტრი აქვს. სიჩქარე დაახლოებით 60 კმ/სთ იქნება. მანძილს სტუმარი დაახლოებით წუთ-ნახევრიდან ორ წუთ-ნახევარდამდე დაფარავს, ეს დამოკიდებულია წონაზე. ატრაქციონზე დაშვების მაქსიმალური წონა 120 კილოგრამია, მინიმუმი კი 30. თუ მცირე წონა ეშვება ის ორ წუთ ნახევარში ჩადის, ხოლო მძიმე ადამიანს მანძილის დასაფარად წუთ-ნახევარი დასჭირდება“, აცხადებს გიორგი მერკვილაძე.

„zipin vake“ს დირექტორი ამბობს, რომ ატრაქციონზე 9 ადამიანი დასაქმდება. გიორგი მერკვილაძე კომერსანტთან „ზიპ-ლაინის“ საფასო ღირებულებაზე საუბრობს:
„დაშვების ღირებულება 50 ლარი იქნება მაგრამ, თუ ადამიანი ზიპლაინ კლუბში იქნება გაწევრიანებული მას 40 %-იანი ფასდაკლება ექნება. ზიპლაინ კლუბში გაწევრიანება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვისაა შესაძლებელი და ისინი კლუბში გაწევრიანებას სრულიად უსასყიდლოდ შეძლებენ“,- განაცხადა გიორგი მერკვილაძე.

როგორც კომპანიის დირექტორი აცხადებს, დაახლოებით 20 დღეში ოკაცეს ჩანჩქერზე ახალი ატრაქციონის გახსნა იგეგმება. გიორგი მერკვილაძე აცხადებს, რომ 1,1 კმ სიგრძის ატრაქციონი ბათუმის ცენტრშიც მოეწყობა, მისივე თქმით დაგეგმილია კიდევ ერთი ატრაქციონის მოწყობა მარტვილის კანიონთან.
Commersant.ge