ომპანია “ჰაერი“ - კოტეჯები უწერაში გაფართოებას გეგმავს. კოტეჯები უწერაში გასულ წელს გაიხსნა და ამ დროისთვის ტერიტორიაზე მხოლოდ 3 კოტეჯია.
როგორც კომპანიის დამფუძნებელი გენო თაყაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, გაფართოების პროექტის განხორციელების დაწყება 1 წლის განმავლობაში იგეგმება. საბოლოო ჯამში, ტერიტორიაზე იქნება ტურისტული კომპლექსი, ამჟამად არსებულ 3 მცირე კოტეჯს, კიდევ სამი დიდი კოტეჯი დაემატება, მოეწყობა ბარ-რესტორანი და გარე აუზი.
როდის მიიღებს კომპლექსი საბოლოო სახეს, ეს ფინანსებზეა დამოკიდებული. განსახორციელებელი ინვესტიციის ოდენობაზე კი თაყაძე ამ ეტაპზე ვერ საუბრობს, რადგან ამ დრომდე საბოლოო კალკულაცია გაკეთებული არ არის.
როგორც თაყაძე აცხადებს, ტურისტების მხრიდან ინტერესი საკმაოდ დიდია. პირველივე წელს კოტეჯებმა ნოემბრის ბოლომდე 100%-იანი დატვირთვით იმუშავა.
რაც შეეხება ზაფხულის პერიოდს, კომპანიას ჯავშნები უკვე მიღებული აქვს.
„მიმდინარე ზაფხულის სეზონს 100%-იან დატვირთვას ველოდებით, რადგან გასულ წელს გახსნის დღიდან სამივე კოტეჯი დაკავებული იყო. ძირითადად ინტერესდებიან ახალგაზრდა წყვილები.
დაახლოებით 70% არის შიდა ტურიზმი, დანარჩენი კი უცხოელები. დიდია ინტერესი როგორც ევროპის, ისე აზიური ქვეყნებიდან. კოტეჯის პირველი სართული 30 კვ.მ-ის ფართს მოიცავს, მეორე სართულზე კი საძინებლები. რაც შეეხება ფასს, 2 პერსონაზე 1 დღის საფასური 200 ლარია, 3-4 პერსონაზე - 300 ლარი ,“ - აცხადებს თაყაძე.
business-partner.ge