„ვყალიბდებით კომუნისტურ საბჭოთა კურორტად,“ - ამის შესახებ ტურისტული კომპანიის „ტრეფიკ თრეველის მმართველმა პარტნიორმა ცოტნე ჯაფარიძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. მანვე სამთო კურორტებზე არსებულ პრობლემებზე და ტურისტების სიმცირეზე ისაუბრა.
„მიუხედავად თოვლის სიმცირისა, საახალწლო პერიოდი, 25 დეკემბრიდან დაახლოებით, 2 კვირა, ვერც გუდაურში და ვერც ბაკურიანში, ნომერს ვერ იშოვიდით, მაგრამ როგორც კი ჩაიარა ამ პერიოდმა დამსვენებლებიც შემცირდა. მაგალითად შემიძლია მოვიყვანო ბოლო უქმეები, ყოველთვის კვირა დღე გუდაურში იმდენად დატვირთული იყო, რომ კაფეში ვერ ნახავდი დასაჯდომ ადგილს, რიგები იყო ხოლმე საბაგიროზეც, ახლა კი ფაქტობრივად, ხალხი საერთოდ არ არის. იმედი ვიქონიოთ, რომ თებერვალში ჩამოვლენ, თუმცა რეზერვაციებს რომ გადავხედოთ, დადასტურებული ბევრი არ გვაქვს.
დამსვენებლების, მოსრიალეების სიმცირეს მხოლოდ ომიკრონს არ დავაბრალებდი, რადგან ვისაც მოგზაურობა უნდა, მაინც მოგზაურობს. კურორტზე არის სხვა პრობლემებიც. მაგალითები შემიძლია მოვიყვანო. იქიდან დავიწყოთ, რომ როცა ზამთრის სეზონი მოდის, უნდა მომხდარიყო კურორტების, თუნდაც გუდაურის პოპულარიზაცია, მიზნობრივ ბაზრებზე, როგორიცაა ემირატების და სპარსეთის ყურის ქვეყნები. რამდენიმე დღის წინ იყვნენ ბლოგერები, ჟურნალისტები და ინფლუენსერები ჩამოსული, მაგრამ ეს შედეგს მოიტანს მომავალ წელს ან სეზონის ბოლოს.
ტურისტული კომპანიები ჩვენი რესურსით ვცდილობთ მოვიზიდოთ ტურისტები, მაგრამ თუ ვინმე ჩამოვიდა, ადგილზე უამრავი პრობლემა ხვდება. ისევ გუდაურზე რომ ვისაუბროთ - კურორტზე არ არსებობს მოწესრიგებული პარკინგი, თოვლი თუ დადნა არის ტალახი და მანქანას თუ გააჩერებ, სათხილამურო ტრასამდე მისვლა პრობლემას წარმოადგენს. არის ხარვეზები საბაგიროების მუშაობაზე, ხან ირთვება, ხან ითიშება. მაშინ როცა ყველა საბაგირო ახალი და რეაბილიტირებულია, როგორ შეიძლება ყოველ დღე ითიშებოდეს საბაგირო?! - ეს ნიშნავს, რომ რაღაც არასწორად კეთდება, არასწორი მენეჯმენტი და მიდგომებია საქმის მიმართ, რაც სამწუხაროდ აისახება ჩვენს იმიჯზე. უკვე წლებია ეს პრობლემები გრძელდება და ვყალიბდებით კომუნისტურ საბჭოთა კურორტად,“-აღნიშნა ჯაფარიძემ გადაცემაში „საქმე“ სტუმრობისას.
bpn.ge