ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
"კონკურენციაზე საუბარიც ზედმეტია, აგროტურიზმი მინიმალურ დონეზეც ვერ განვითარდა გურიაში" - მენაბდის მარანი
08 თებერვალი, 2024

ეთნოგრაფიული სტილის მცირე სასტუმრო „მენაბდის მარანი" გამორჩეული კონცეფციის მქონე სივრცეა, რომელიც გურიაში, სოფელ შემოქმედში  დაახლოებით 7 წლის წინ გაიხსნა. როგორც ტურისტული ობიექტის დამფუძნებელი ვახუშტი მენაბდე ‘’ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს,  მიზნად დაისახა, ,,მენაბდის მარანი“ იქცეს მაგალითად, როგორ შეიძლება აგროტურიზმი განვითარდეს გურიაში, სადაც პოტენციალი დიდია, მაგრამ სექტორში რეალურად დიდი ჩამორჩენაა.

''ჩვენი კონცეფცია მოიცავს გურულ ოდა-სასტუმროს, სადაც მაქსიმალურად არის შენარჩუნებული ავთენტური გარემო და ძველი იერსახე, თუმცა რამდენიმე ელემენტი გავათანამედროვეთ და მთლიანობაში ტრადიციისა და კომფორტის სინთეზი მოვახდინეთ, რაც კარგად მიიღო მომხმარებელმა. სასტუმრო ზამთარში ვერ მუშაობს, ამიტომ დროებით დავიკეტეთ, აპრილიდან ჩვეულებრივ რეჟიმში გავაგრძელებთ საქმიანობას. ბევრი ასეთი ობიექტი რომ იყოს, როგორიც ,,მენაბდის მარანია“, თავისუფლად შეიძლებოდა გვემუშავა ოთხივე სეზონზე, მაგრამ დღესდღეობით ამ შესაძლებლობას მოკლებული ვართ. მსგავსი კონცეფციის ობიექტი გურიაში იშვიათობა, შესაბამისად, კონკურენტუნარიანობაზე საუბარი  წარმოუდგენელია. ინდუსტრია არ არის განვითარებული, ძალიან გვინდა ბევრი მსგავსი სივრცე გაჩნდეს და მეტი ადამიანი მოიზიდოს, გურიას ნამდვილად აქვს ამის პოტენციალი“, - აცხადებს ვახუშტი მენაბდე.

ეთნო-ტურისტული ობიექტის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ ,,მენაბდის მარანი" ღიაა როგორც დასვენების მსურველებისთვის, ასევე საქმიან ვიზიტებს მასპინძლობს, რომ ადამიანმა შეძლოს მყუდრო გარემოში დასვენება, განმარტოება და მუშაობაც.

ტურისტული ობიექტი მინიატურულ სასტუმროს და მეღვინეობას აერთიანებს. მარნის აშენებისა და ძველი გურული ოდის  რესტავრაციის ხარჯს ვახუშტი მენაბდე არ აკონკრეტებს, თუმცა აღნიშნავს, რომ  დაფინანსებით არ უსარგებლია და  ბიუჯეტი მთლიანად მენაბდეების ოჯახის კერძო ინვესტიციაა. მცირე-სასტუმროს ერთდროულად 20 ადამიანის გამასპინძლება შეუძლია. 

„მენაბდის მარანი" 2016 წელს დაფუძნდა. ეთნო-ტურისტულ ობიექტში სტაბილურად ხუთი ადამიანია დასაქმებული.  თუმცა აქტიურ სეზონზე დამატებით სამუშაო ადგილებს ქმნის.

BP.GE

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.