ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
კორპორაცია ქინძმარაული: ომის გაგრძელება ქართული ბიზნესისთვისაც კატასტროფა იქნება
28 თებერვალი, 2022
სს „კორპორაცია ქინძმარაულის“ გენერალური დირექტორი ნუგზარ ქსოვრელი „ბიზნესპარტნიორთან“ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შედეგად მოსალოდნელ პრობლემებზე საუბრობს. 

მისი განცხადებით, სამწუხაროდ, ამ დაპირისპირებაში დაზარალდება ქართული ბიზნესიც, განსაკუთრებით კი ღვინის სექტორი.

„თუ ესეთი კონფლიქტი გაგრძელდა, ქართული ბიზნესისთვის ეს კატასტროფის ტოლფასი იქნება. ღვინის სექტორში რუსეთი და უკრაინა არის  ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ქვეყანა, ესენი ერთმანეთთან ომობენ და ჩართულია ფაქტობრივად ბელარუსიც, ძალიან ცუდი სცენარით მიდის ყველაფერი,“ - აცხადებს ქსოვრელი.

მისი ინფორმაცით, „კორპორაცია ქინძმარაულის“  მიერ წარმოებული ღვინის 80% საექსპორტოა, აქედან რუსეთსა და უკრაინაზე ჯამურად დაახლოებით 30% მოდის. კომპანიის დირექტორი განმარტავს, რომ „კორპორაცია ქინძარაულის“ წარმოებული ღვინოები "დურუჯი ველის" სასაქონლო ნიშნით იყიდება.

„რუსეთში არ გვაქვს დიდი გაყიდვები, ალბათ მთლიანი ექსპორტის 3-4%, თუმცა, 25% მოდის უკრაინის ბაზარზე. ახლა ყველაფერი შეჩერებულია, გადატვირთვები კი არა, ხალხი ვეღარ გამოდის, აეროპორტები არ აქვთ. როგორც წესი, უკრაიაში გადატვირთვების 90% კონსიგნაციით (შეთანხმება,როდესაც მხარეები თანხმდებიან წინასწარი ანგარიშწორების გარეშე გარკვეული დროით და პირობებით შეისყიდონ სხვადასხვა სახის პროდუქცია) ხდებოდა.  ჩვენ გადატვრითული გვაქვს უკრაინაში და ჩარიცხვებს ველოდებოდით,“-აცხადებს ქსოვრელი.

ჰქონდა თუ არა „კორპორაცია ქინძმარაულის“ ადმინსიტრაციას უკრაინელ პარტნიორებთან კომუნიკაცია, ქსოვრელი აცხადებს, რომ  მათ შორის საუბარი დღეს დილით შედგა, თუმცა, ასეთი საომარი კონფლიქტის დროს  ამაზე საუბარი რთულია.

„ახლა ხალხი გადარჩენაზეა,სამი პარტნიორი გვაქვს და გვეუბნებიან, რომ თითქმის ყველა ქალაქში დაბომბის ხმა ისმის. არვიცი რა იქნება. ჩვენ 22 ბაზარზე ვართ წარმოდგენილი და ჩვენთის ეს ორი ქვეყანა  ყველაზე დიდი ბაზარი არ არის, თუმცა, პრობლემაა ის, რომ ის ღვინო, რომელიც არ გავა რუსეთში, უკრაინასა და ბელორუსში, წარმოიშვა ჭარბი პროდუქცია, რაც მსოფლიოს თითქმის ყველა ბაზარზე მდგომარეობას გააფუჭებს.  ამ ბაზრებზე თუ გაიაფდა ღვინო, არვიცი, სკამაოდ რთული ვითარება იქნება“-აცხადებს ქსოვრელი.

კომპანიის საკუთრებაშია ყვარელში 180  ჰექტარი ვენახი და ამავე ტერიტორიაზე ღვინის მწარმოებელი კომპანია. როგორც ნუგზარ ქსოვრელი აცხადებს, ამ დროისთვის „კორპორაცია ქინძმარაული“  25 დასახელების ღვინოს აწარმოებს - წელიწადში 2.5 მლნ ბოთლს. იწარმოება ჭაჭაც.

სს „კორპორაცია ქინძმარუაული“ კახეთში სასტუმრო ტურიზმშიცაა წარმოდგენილი. კომპანია უკვე ფლობს ყვარელში კომპლექსს  „შატო ყვარელს“. სიღნაღში ასევე აშენებს სასტუმროს, რომელსაც 2022 წელს გახსნის.

შეგახენებთ, დღეს უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა. უკრაინული და დასავლეთის მედიასაშუალებების ინფორმაციით, რუსეთმა საარტილერიო შეტევა დაიწყო კიევზე, ხარკოვსა და ოდესაზეც.

უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა აღიარა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.