ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
"კორპორაცია ქინძმარაული" სიღნაღის პოზიციონირებაზე ტურისტულ სააგენტოებთან მუშაობს
23 ივნისი, 2021

„კორპორაცია ქინძმარაული“ ტურისტულ სააგენტოებთან სიღნაღის პოზიციონირების საკითხზე მუშაობს.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კორპორაციის გენერალურმა ნუგზარ ქსოვრელმა განუცხადა, სიღნაღს უნიკალური მდებარეობა აქვს და მას უნდა მოეძებნოს თავისი ნიშა.

„სიღნაღში ბევრი ტურისტი ჩადის, მაგრამ სამწუხაროდ, არ ჩერდებიან დიდხანს და ამის გამო, ქალაქში თანხები არ რჩება. ჩვენ ვეძებთ თემებს და ვცდილობთ სასტუმროებთან ერთად განვავითაროთ ისეთი პროდუქტები, რომელიც საშუალებას მისცემს ტურისტს სხვადასხვა აქტივობით დაკავდეს და გარკვეული დრო გაატაროს სიღნაღში,“ - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ ნუგზარ ქსოვრელმა.

მისივე თქმით, საინტერესოა ისიც, რომ ქალაქი ახლოსაა აეროპორტთან, საიდანაც 1,5 საათში ტურისტს შეუძლია ჩავიდეს პირდაპირ სიღნაღში და არა თბილისში.

„ჩვენ ეს პროექტი ბევრ კონსულტანტთან გავიარეთ და მათი აზრიცაა - ვინაიდან ფრენები ძირითადად ღამით სრულდება, კარგი იქნება თუკი ტურისტი პირდაპირ სიღნაღში ჩამოვა. თბილისში კი ტურისტები შეიძლება ჩავიდნენ მომდევნო საღამოს. საღამოს თბილისი ბევრად ეფექტურია, ვიდრე დილით. დილით სიღნაღში რომ გაიღვიძებენ და ალაზნის ველს გადახედავენ, სულ სხვა ეფექტი აქვს მთელ კახეთს. ამიტომ ეს პირველი ნახვის ეფექტი, რომლის მოხდენის შანსიც მხოლოდ ერთხელ არის, მგონი მხოლოდ სიღნაღს აქვს მთელ საქართველოში. ამიტომ ვმუშაობთ ამ ტიპის შეთავაზებაზე ტურისტულ კომპანიებთან,“ - აღნიშნა ნუგზარ ქსოვრელმა.

business-partner.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.