თბილისში, კრწანისის რაიონში, 2 სართულიანი რესტორანი და ღია საცურაო აუზი აშენდება. როგორც მშენებლობის დამკვეთი ზურაბ თურმანიძე აცხადებს, გორგასლის ჩიხ ნომერ 2-ში მდებარე კვების ობიექტი 200 ადამიანს დაიტევს, ხოლო აუზი 180 ადამიანზეა გათვლილი. მისივე თქმით, ამ ეტაპზე საძირკველის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, მშენებლობის პროცესი კი 2020 წლის თებერვალში დასრულდება. პროექტში 5 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩაიდება.

არქიტექტურის ვებ გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ირკვევა, რომ არსებულ მიწის ნაკვეთი ზურაბ თურმანიძის საკუთრებაში არსებულ შპს „ამგო“-ს ეკუთვნის.

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ მიწის დონის ქვედა სართულზე ღია და დახურული რესტორანი, რესტორნის მომსახურე სამზარეულო, ღია საცურაო აუზის მომსახურე გარდერობები, სასაწყობე და დამხმარე/ტექნიკური ფართები მოეწყობა. ხოლო მიწის დონის ზედა I სართულზე შენობაში შესასვლელი სივრცე. საპროექტო შენობა ადაპტირებულია შშმ პირთათვის.

შენობის ფასადების მცირე ნაწილი ილესება/იღებება, ხოლო ძირითად ნაწილზე გათვალისწინებულია ცეცხლმედეგობისთვის დამუშავებული ხით მოპირკეთება. სახურავი მთლიანად გამწვანებულია.
Commersant.ge