„ყვარელში ქინძმარაულის ღვინის სოფელი აშენდება“, - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემა „აგროსექტორში“ „KTW ჯგუფის“ დამფუძნებლმა ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა. მისი განმარტებით „KTW ჯგუფისთვის“ ეს ერთგვარი გამოწვევაა.
„ამაზე მე და ჩემმა გუნდმა ძალიან ბევრი ვიფიქრეთ, გადაწყვეტილებაც მიღებული გვაქვს, პროექტირება დასრულებულია. ეს არის ევროპული გამოცდილების და ქართული ტრადიციის ნაზავი. ნაფიქრი გვაქვს გეოგრაფიულ მდებარეობაზე, მის ბუნებრივ ლანდშაფტზე, თბილისიდან დაშორებაზე, ზღვის დონიდან სიმაღლეზე, ბრენდულობაზე. გავითვალისწინეთ ყვარლის და ქინძმარაულის ზონის მიმართ საზოგადოების ინტერესი. ვიფიქრეთ იმაზეც, რომ ქინძმარაული გაყიდვების ლიდერია. პანდემიის გამო დაგეგმილი სამი გამოფენა ჩაგვეშალა, მეზობელ ქვეყნებში სადილერო კომპანიებთან გვქონდა მოლაპარაკებები, რომლებმაც საკმაოდ მაღალი ინტერესი გამოხატეს და გვეგონა, რომ ეს ინტერესი პანდემიის შემდეგ შეიცვლებოდა,თუმცა ასე არ მოხდა და დაინტერესება ისევ დიდია“ - აღნიშნა ზურაბ ჩხაიძემ.
ჩხაიძის განცხადებით ქინძმარაულის ღვინის სოფელს სექტორულად დაყოფილი ვილები ექნება, გარდა ამისა სოფელში განთავსდება მარანი, ძალიან ბევრი ქართული ჯიშის საგამოფენო ვაზი. ჩხაიძის თქმით, ქინძმარაულის ღვინის სოფელს სამი კომპონენტი გამოარჩევს.
„ 1.ინვესტორი რომელიც შეიძენს ვილას, მას შატო ქინძმარაული მოემსახურება და ყოველ წელს სხვადასხვა ჯიშის 200 ბოთლ ღვინოს საჩუქრად გადასცემს, რომელსაც ინვესტორის სახელი და გვარი დაეწერება. ჩხაიძის განმარტებით, ინვესტორს მიეცემა შესაძლებლობა, რომ ყურძნის დაკრეფის, დაწურვის და ეტიკეტირების პროცესში იყოს ჩართული.
2. გარედან შემოსულ სტუმარს ექნება შესაძლებლობა, რომ დაათვალიეროს ვენახები, დააგემოვნოს ღვინო და ამის შემდეგ გააკეთოს არჩევანი. ამას გარდა, ქინძმარაულის ღვინის სოფელი მომხმარებელს ტურებს, რესტორანს და სხვადასხვა საკვებ ობიექტს შესთავაზებს.
3.ქინძმარაულის სოფელში არსებული ბიზნეს ცენტრი ახალგაზრდებს მასტერკლასებს შესთვაზებს.
KTW ჯგუფი იღებს ვალდებულებას რომ წელიწადში ორჯერ ან სამჯერ ახალგაზრდებს შესთავაზოს მასტერკლასი, რომელსაც ცნობილი მეღვინეები, როგორც საქართველოდან ასევე სხვა ქვეყნებიდან ჩაატარებენ. ეს მასტერკლასები ახალგაზრდა თაობისთვის იმდენად საინტერესო იქნება, რომ დამსწრეთაგან უმეტესობა მეღვინე გახდება“, - აღნიშნა ზურაბ ჩხაიძემ.
commersant.ge